Baby Bag

„როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ კოვიდის დადასტურების თარიღიდან იწყება იზოლაციის ვადების ათვლა, ეს არ არის სწორი,“- მაია ბუწაშვილი

„როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ კოვიდის დადასტურების თარიღიდან იწყება იზოლაციის ვადების ათვლა, ეს არ არის სწორი,“- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოვიდინფიცირებულების იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობების შესახებ ისაუბრა:

„საკმაო გაუგებრობაა იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა.

როდესაც კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს ურეკავენ, აფრთხილებენ, რომ იზოლაციის დაწყების თარიღად ითვლება კოვიდის ლაბორატორიული დადასტურების დღე. უსიმპტომო პაციენტებისთვის მართლაც ასეა, თუმცა გაუგებრობაა სიმპტომების შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში იკითხება, რომ პირი „ექვემდებარება იზოლაციას მკაცრად 8 დღის განმავლობაში“, თუმცა მე ვერ მივაგენი, თუ სინამდვილეში არ არის მითითებული, არ ჩანს საიდან იწყება ამ 8 დღის ათვლა.

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიმპტომურ პაციენტებში იზოლაციის ვადების ათვლას იწყებს სიმპტომების დაწყებიდან და არა დადასტურების თარიღიდან: „If you have mild symptoms, day 0 of isolation is the day of symptom onset, regardless of when you tested positive“ (ანუ იმის მიუხედავად, როდის იყო ადამიანი ტესტირებით დადებითი, ნულოვან დღედ ითვლება სიმპტომების დაწყების დღე).

ანუ როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ დადასტურების თარიღიდან იწყება ათვლა, არ არის სწორი, რადგან ადამიანმა შეიძლება ტესტირება გვიან ჩაიტაროს (მაგალითად, სიმპტომების დაწყებიდან მე-5 დღეს), ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი კიდევ დამატებით 8 დღე უნდა გამოვკეტოთ, რაც ჯამში 13 დღე გამოვა. ხშირად სიმპტომების დაწყებისას ტესტი უარყოფითია და მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ხდება დადებითი. ასეთი ხალხი სრულიად გაუმართლებლად გვყავს იზოლაციაში დამატებითი დღეების განმავლობაში. ისედაც კადრების კატასტროფული დეფიციტია ყველგან, რადგან უამრავი ადამიანია ინფიცირებული. ჩვენი კი დამატებით, სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ შეიძლება ინფიცირებულმა არასწორად დაასახელოს სიმპტომების დაწყების დღე. კი ბატონო, ეს არგუმენტია, მაგრამ ამ ლოგიკით, ინფიცირებულმა შეიძლება საერთოდ არ ჩაიტაროს ტესტირება და სრულიად თავისუფალი იყოს იზოლაციიდან, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ამიტომ ჩვენ მაინც ინდივიდების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობით და ვენდობით, რადგან სხვა ბერკეტი არ არსებობს. ამიტომ უნდა დავუჯეროთ სიმპტომების დაწყების დასახელებულ დღესაც და ათვლა აქედან დავიწყოთ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან ისედაც მეტია იზოლაციის დღეები (8 დღე, აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებული 5 დღის ნაცვლად).

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ იზოლაცია ეხება ინფიცირებულ პირს, ხოლო კონტაქტში მყოფისთვის გამოიყენება ტერმინი კარანტინი, არადა, ოფიციალურ დოკუმენტებშიც არეულია ეს ტერმინები და ცოტა უხერხულია,”- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​უმეტესობა ყველაზე ხშირად ჩატარებული სახსრების ორთოპედიული ოპერაციებისა არ არის ეფექტური და მოკლებულია სამეცნიერო მტკიცებულებებს

​უმეტესობა ყველაზე ხშირად ჩატარებული სახსრების ორთოპედიული ოპერაციებისა არ არის ეფექტური და მოკლებულია სამეცნიერო მტკიცებულებებს

უმეტესობა ყველაზე ხშირად ჩატარებული სახსრების ორთოპედიული ოპერაციებისა არ არის ეფექტური და მოკლებულია სამეცნიერო მტკიცებულებებს - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად.

„ჩატარებული მეტა-ანალიზით შედარებულ იქნა 10 ყველაზე ხშირად ჩატარებული ორთოპედიული ოპერაცია საერთოდ არანაირ მკურნალობასთან, ან პლაცებოსთან, ან არაოპერაციულ მკურნალობასთან.
ეს ოპერაციებია:
1. ართროსკოპიული წინა ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქცია
2. ართროსკოპიული მენისკის აღდგენა
3. ართროსკოპიული ნაწილობრივი მენისკექტომია
4. ართროსკოპიული მბრუნავი მანჟეტის აღდგენა
5. ართროსკოპიული სუბ-აკრომიალური დეკომპრესია
6. კარპალური გვირაბის დეკომპრესია
7. ხერხემლის წელის მალების დეკომპრესია
8. ხერხემლის წელის მალების შერწყმა (დაფიქსირება)
9. ტოტალური მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლება
10. ტოტალური მუხლის სახსრის ჩანაცვლება
დასკვნა:
მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ხშირი ორთოპედიული ოპერაციები არ იყო უფრო ეფექტური ვიდრე - საერთოდ არანაირი მკურნალობა, პლაცებო ან არაქირურგიული მკურნალობა.
მიუხედავად ამ ოპერაციების ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არქონისა, დღეისათვის სხვადასხვა ნაციონალური გაიდლაინები მაინც გასცემენ რეკომენდაციებს ოპერაციების ჩატარებაზე.
P.S. ფული აღმართს ხნავს, „შენ ოპერაცია გჭირდება, სხვანაირად არაფერი გეშველება“, - წერს ექიმი ზაზა თელია.


​​

წაიკითხეთ სრულად