Baby Bag

„როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ კოვიდის დადასტურების თარიღიდან იწყება იზოლაციის ვადების ათვლა, ეს არ არის სწორი,“- მაია ბუწაშვილი

„როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ კოვიდის დადასტურების თარიღიდან იწყება იზოლაციის ვადების ათვლა, ეს არ არის სწორი,“- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოვიდინფიცირებულების იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობების შესახებ ისაუბრა:

„საკმაო გაუგებრობაა იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა.

როდესაც კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს ურეკავენ, აფრთხილებენ, რომ იზოლაციის დაწყების თარიღად ითვლება კოვიდის ლაბორატორიული დადასტურების დღე. უსიმპტომო პაციენტებისთვის მართლაც ასეა, თუმცა გაუგებრობაა სიმპტომების შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში იკითხება, რომ პირი „ექვემდებარება იზოლაციას მკაცრად 8 დღის განმავლობაში“, თუმცა მე ვერ მივაგენი, თუ სინამდვილეში არ არის მითითებული, არ ჩანს საიდან იწყება ამ 8 დღის ათვლა.

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიმპტომურ პაციენტებში იზოლაციის ვადების ათვლას იწყებს სიმპტომების დაწყებიდან და არა დადასტურების თარიღიდან: „If you have mild symptoms, day 0 of isolation is the day of symptom onset, regardless of when you tested positive“ (ანუ იმის მიუხედავად, როდის იყო ადამიანი ტესტირებით დადებითი, ნულოვან დღედ ითვლება სიმპტომების დაწყების დღე).

ანუ როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ დადასტურების თარიღიდან იწყება ათვლა, არ არის სწორი, რადგან ადამიანმა შეიძლება ტესტირება გვიან ჩაიტაროს (მაგალითად, სიმპტომების დაწყებიდან მე-5 დღეს), ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი კიდევ დამატებით 8 დღე უნდა გამოვკეტოთ, რაც ჯამში 13 დღე გამოვა. ხშირად სიმპტომების დაწყებისას ტესტი უარყოფითია და მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ხდება დადებითი. ასეთი ხალხი სრულიად გაუმართლებლად გვყავს იზოლაციაში დამატებითი დღეების განმავლობაში. ისედაც კადრების კატასტროფული დეფიციტია ყველგან, რადგან უამრავი ადამიანია ინფიცირებული. ჩვენი კი დამატებით, სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ შეიძლება ინფიცირებულმა არასწორად დაასახელოს სიმპტომების დაწყების დღე. კი ბატონო, ეს არგუმენტია, მაგრამ ამ ლოგიკით, ინფიცირებულმა შეიძლება საერთოდ არ ჩაიტაროს ტესტირება და სრულიად თავისუფალი იყოს იზოლაციიდან, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ამიტომ ჩვენ მაინც ინდივიდების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობით და ვენდობით, რადგან სხვა ბერკეტი არ არსებობს. ამიტომ უნდა დავუჯეროთ სიმპტომების დაწყების დასახელებულ დღესაც და ათვლა აქედან დავიწყოთ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან ისედაც მეტია იზოლაციის დღეები (8 დღე, აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებული 5 დღის ნაცვლად).

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ იზოლაცია ეხება ინფიცირებულ პირს, ხოლო კონტაქტში მყოფისთვის გამოიყენება ტერმინი კარანტინი, არადა, ოფიციალურ დოკუმენტებშიც არეულია ეს ტერმინები და ცოტა უხერხულია,”- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამას თუ ცხოვრება ჰქვია და ამისთვის თუ გინდათ სიცოცხლე, რომ ლოქდაუნში გაატაროთ, არაა პრობლემა, თავდაცვა ყველას შეუძლია“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

„ამას თუ ცხოვრება ჰქვია და ამისთვის თუ გინდათ სიცოცხლე, რომ ლოქდაუნში გაატაროთ, არაა პრობლემა, თავდაცვა ყველას შეუძლია“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი
გერმანიაში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი კორონავირუსთან დაკავშირებულ შიშზე, პანიკაზე, ლოქდაუნზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„დამონების უძლიერესი და უმთავრესი იარაღია, შიში, დაპანიკება, გააზრებაზე უარის თქმა, ლოგიკის წესებზე უარის თქმა. მორჩილი ძალიან ბევრს უყვარს - ევროპაშიც და ამერიკაშიც, დემოკრატიაშიც და დიქტატურაშიც.

​მე ვიფიქრებ თქვენ მაგიერო - ზუსტად ასეთი სიტყვებით მიმართა ხალხს ბავარიის პრეზიდენტმა და ხელუსუფალმა წინასააღდგომოდ. თქვენ მარტოებმა სახლში ლოქდაუნში იყავით და ჩვენ ვიფიქრებთ ყველაფერზეო. მენდე, რომ ასე აუცილებელიაო.
​ის, რომ ინტესიური საწოლების მხოლოდ 8% არის დაკავებული მართვითი სუნთქვის კორონიანი პაციენტებით და მაინც კოლაფსზე ვსაუბრობო, ამაზე ანგელა მერკელიც და სხვანიც არაფერს ამბობენ და განსჯის უნარდაპაუზებული ადამიანებიც არ აანალიზებენ ფაქტებს. გერმანიის ინტენსიური ადგილების 20% დალუქულია გადაუდებლობისათვის. დარჩენილი 28.000 საწოლიდან 12.000 ელექტიური მსუბუქი პაციენტია. 4.000-მდე კორონიანია და მათ შორის მხოლოდ ნახევარია მართვით სუნთქვაზე. დაახლოებით ამდენივე სხვა დაავადებიანი მძიმე ავადმყოფია. ოფიციალური ცარიელი ადგილია დაახლოებით ასევე 4.000-მდე.

​და მაინც კოლაფსის სუგერირება მიდის.
​საქართველოში 5.500-მდეა ინტენსიური საწოლი და იქაც სტატისტიკურად მსგავსი სიტუაციაა. კორონათი გარდაცვლილია საქართველოში 3.877 ადამიანი 14 თვეში და ამ პერიოდის საერთო და ბუნებრივი სიკვდილიანობა რამდენია, იანგარიშეთ - წლიური ბუნებრივი სიკვდილიანობა არის საუკეთესო შემთხვევაში 1% ანუ, 12 თვეშია 40.000-მდე და 14 თვეში კი 47 ათასამდეა.

​რამდენი კორონიანი დაიღუპა საქართველოში იზოლაციის და უმოძრაობის თრომბოემბოლიით, რამდენი დაიღუპა და დამძიმდა არასწორი ნაადრევი ინტუბაციით? - ამაზე დისკუსია ბევრი დაპაუზებული ადამიანისათვის ნიშნავს უკვე „შეთქმულების თეორიას“ და „ანტივაქსერობას“.
​აქ, დიდ და დემოკრატიულ გერმანიაშიც.
​სწორედ აი, ამ დასავლეთის ქვეყანაში ჩემი კლინიკის მთავარი უროლოგი, რომელიც 22 წელია განყოფილების თავკაცია, გაუშვეს „იძულებით შვებულებაში“ და სუსპენდირებული იყო რამდენიმე კვირა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დააბრუნეს უკან.


​გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში და საერთოდ დასავლეთში ჯერჯერობით შეგიძლია საკუთარი აზროვნების და სიტყვის უფლების დაცვა სასამართლოთი. ათიათასობით უკან დაბრუნებული თავისუფალი გადაადგილების თუ სხვა უფლებების აღდგენაა სასამართლოების ანგარიშზე.
​საქართველოში ეს შეუძლებელია.
​დასავლეთს თუ არადემოკრატიულ ქვეყნებს არ აწყობთ იმაზე დისკუსია, თუ რატომ ეტაკა დიდ ქალაქებს და კონგლომერატებს ასე მკაცრად კორონა.
  • ესაა ამბულატორიის სისტემის უქონლობა,
  • ესაა დამპინგური გროშები ავადმყოფის და მოხუცის მომვლელებზე,
  • ესაა ტერიტორიულად არგაშლილი და გათავკომბალებური ჯანდაცვის სისტემა,
  • ესაა მეგაკლინიკების მიერ მცირე კლინიკების გადაყლაპვა.

​ამის მაგივრად მილიარდები მიდის დიდ და რელევანტურ ბიგ ბიზნესში.

​ევროგაერთიანების მიერ კორონაზე გამოყოფილი 1000 მილიარდი ევროდან რომ 10% წასულიყო ავადმყოფისა და მოხუცის მოვლაში, არ იქნებოდა ამგვარი სიტუაცია და მეორეც: დაფიქრებული ნაკლებად მინახავს, ვისაც უკითხავს, რაო აფრიკას არა აცრა, არა ამბულატორიული მედიცინა, არა ფართო საცხოვრებელი, მილიონიანი სლამები და ერთ ოთახში 5 ადამიანი, ნაკლები ლოქდაუნი და რა ხდება?

​არ გამოაცხადეს ჯერ კიდევ ნოემბერში აფრიკის „გარდაცვალება“ ან ინდოეთის? სად არის თქვენ მიერ ნანოსტრადამული „კუბოები“ და „დაუკრძალავი“ გვამები? მალავენ? აი, აქაა მეორე პრობლემა, როცა ძაღლი თავის კუდს დასდევს და კბენს.

​აი, ესაა პრობლემა და აი, ეს არაა იქ. იქ არაა პანიკა. იქ ხალხმა უბრალოდ 2% ალბათობაზე პანიკური კანკალი კი არ დაიწყო და კი არ გამოიკეტა, იქ ხალხმა 100%-იანი შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა ამჯობინა. გარეთ და შეძლებისდაგვარი ჰიგიენით, პირბადით.

​ჩაპაუზებულებმა უძახეთ ახლა ხან, ვის და ხან, ვის ანტივაქსერები. ფაქტია, რომ 70%-ით ნაკლებმა მიიღო 2020 წელს ქიმიოთერაპია და შესაბამისად, მეტი გარდაიცვალა, 50%-ით ნაკლებმა მიიღო გულზე ჩარევა და შესაბამისად, მეტი გარდაიცვალა.

​ასობით მსგავსი სამედიცინო ნონსენსის მაგალითია, 100%-იანი ფაქტია და თქვენ ახლა მიაჩერდით მოჯადოებულნი ამ „კორონას ინციდენცის რიცხვს“, რომელიც საერთოდ არ ასახავს ავადმყოფობის არცერთ ასპექტს და უძახეთ ხალხს წაღმა-უკუღმა ანტივაქსერი. არაუშავს, ყოველთვის ასე იყო, რომ ცოტანი იცავდნენ ბევრის უფლებას და თავისუფლებას. მე და ჩემნაერები არ დავყრით ფარხმალს და მოგაწოდებთ ცოტათი მაინც გამოსაფხიზლებელ საინფორმაციო აბებს.

​ადამიანისთვის იმის დაბრალება, რაც არაა, ეს ძველისძველი და აპრობირებული მეთოდია. ამიტომაც, არაუშავს და ავიტანთ და რაც მთავარია, არ გინდათ ახლა დიდი ფიქრი ამ ყველაფერზე, ჩვენ ვიფიქრებთ თქვენს თავისუფლებაზეც და უფლებებზეც. შედით ბუტკაში. ამას თუ ცხოვრება ჰქვია და ამისთვის თუ გინდათ სიცოცხლე, რომ ლოქდაუნში გაატაროთ, არაა პრობლემა, თავდაცვა ყველას შეუძლია. ოღონდაც, ის მედიასივრცე თქვენ რომ ლოქდაუნით ტვინებს გიბრუჟებთ, არაა ლოქდაუნში, არც პოლიტიკაა ლოქდაუნში, არც თქვენს თავზე მჯდომი ელიტაა ლოქდაუნში. ლოქდაუნში ყოფნა სოციალური კიბეა - ხარ მაღლა და ხარ „კაი ტიპი“, არ ხარ ლოქდაუნში. მთავარია, სხვა უნდა იყოს ლოქდაუნში. 47 ტელევიზია მისი ათასობით თანამშრომლით საჭიროა და ერთი თეატრი ლოქდაუნში უნდა იყოს. ამაზეც თუ არ გეხსნებათ ლოგიკის კვანძი, მეტს ვერაფერს გეტყვით ვერავის. როგორაა იმ კაცის ამბავი „სულ კარგად მეყოლეთ და მე ქუდი დამიხურიაო“, თქვა ერთი ფილმის არასერიოზულმა სერიოზულმა,“ - წერს იაგო ფრანგიშვილი.

წაიკითხეთ სრულად