Baby Bag

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

უკრაინელი ქალი, რომელიც კიევის მახლობლად შვილთან ერთად ცხოვრობს მედიასთან საუბარში იმ მძიმე ეტაპის შესახებ ყვება, რომლის გადატანაც ბავშვთან ერთად უწევს. 41 წლის მარინა მასწავლებელია. მისი ქალიშვილი სოლომია 8 წლის გოგონაა და ომთან დაკავშირებით დედას უკვე რთულ კითხვებს უსვამს.

„ის ყოველთვის მეკითხება: დედა, თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ? ჩვენ ხომ უკრაინელები ვართ და უკრაინულად ვლაპარაკობთ. ასე რატომ ბრაზობენ ჩვენზე?“- ამბობს აღელვებული დედა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სოლომიას სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

„პუტინი შეშლილი კაცია. ის მანიაკია. უკრაინის შემდეგ ის არ გაჩერდება. შემდეგი ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები იქნებიან,“ - აღნიშნავს მარინა.

მარინას თქმით, მას ქალაქიდან გასვლა ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან გზების ნაწილი ჩაკეტილია, დანარჩენ გზებზე კი საშინელი საცობებია.

„არ ვიცი ჩემი შვილი ხვალ ან ზეგ უსაფრთხოდ იქნება თუ არა,“- წუხს სოლომიას აღელვებული დედა.

წყარო: ​wfaa.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენს ცხოვრებაში ძალიან გამჯდარია ბავშვის მიმართ ძალისმიერი მიდგომის ტრადიცია,“ - შალვა ამონაშვილი

„ჩვენს ცხოვრებაში ძალიან გამჯდარია ბავშვის მიმართ ძალისმიერი მიდგომის ტრადიცია,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჩვენს საზოგადოებაში ბავშვის მიმართ ძალადობრივი მიდგომის ტრადიციის სიმყარეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ყოველთვის ბავშვის დამორჩილებას ვცდილობთ:

„ჩვენს ცხოვრებაში ძალიან გამჯდარია ტრადიცია. გვაქვს ძალისმიერი მიდგომა ბავშვის მიმართ. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვი სულ გვემორჩილებოდეს. დედები სულ ამას კითხულობენ: ​„ბავშვი თუ არ გვემორჩილება, თუ გვეწინააღმდეგება, რა ვქნათ?“ დაუფიქრდით, ბავშვი რომ გეწინააღმდეგება, ყოველთვის მტყუანი კი არ არის. ცოტა გადახედეთ თქვენს ურთიერთობას ბავშვებთან. ეს სხვანაირი ბავშვია, სხვა სულით, სხვა მისწრაფებით მოვიდა.“

შალვა ამონაშვილის თქმით, თანამედროვე ბავშვებს თავისუფლება უყვართ და ისინი განსაკუთრებით ნიჭიერებიც არიან:

„ამ ბავშვებში ძალიან ბევრი ნიჭია და თავისუფლების ძლიერი სული. ამიტომ ჰიპერაქტიურებიც დავარქვით მათ. მე არ გეტყვით, რომ ბავშვმა აკეთოს ის, რაც უნდა. ბავშვი უნდა დავიყოლიოთ. ​ბავშვს უნდა გავაკეთებინოთ ის, რაც ჩვენ სწორად მიგვაჩნია, მაგრამ ჭიდილით კი არა, ცემით და წკეპლით კი არა, დავიყოლიოთ. დაყოლიების ფსიქოლოგიას თავისი გასაღებები აქვს. თქვენ გაუგებთ, ისიც გაგიგებთ. თქვენ ეცით პატივი, ისიც გცემთ პატივს. ასეთია აღზრდის კანონები.“

„რვა წლის ასაკში ბავშვს შეუძლია თქვას: „არ მინდა სკოლა, წიგნი არ მინდა, არც მუსიკაზე მინდა ვიარო. არც უცხო ენები მინდა ვისწავლო.“ ბევრ რამეზე შეიძლება უარის თქმა, მაგრამ რვა წლის ბავშვმა წინ უნდა გაიხედოს, იფიქროს, რისი გაკეთება უნდა 18 წლის, 28 წლის ასაკში. თავისუფლების განცდა არის დიდი პასუხისმგებლობის განცდა. ვინც თავისუფლებას ეძებს, იქვე უნდა ეძიოს პასუხისმგებლობა. თუ ეს არ აღვზარდეთ, თავისუფლება იქნება მხოლოდ დამანგრეველი ძალა. მწყინს, როდესაც ერთი დედა მეორეს ეტყვის: „შენი შვილი უკვე დაღუპულია და არაფერი გამოვა.“ როგორ შეიძლება ასეთი რამე ვაკადროთ ერმანეთს?! ​ის ბავშვია გადარჩენილი, რომლის დედაც ბავშვს დაჰყვირის და ხან სილას გაულაწუნებს?!“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად