Baby Bag

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეებში ჩატარებული საქორწინო ცერემონია უკრაინელი წყვილის საოცნებო ქორწილისგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა მათ დაძაბული ვითარების ფონზე სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. ქორწილის დღეს ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. მიუხედავად ამისა იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი მაინც დაქორწინდნენ.

„ეს ძალიან საშიში იყო. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ქუჩაში გადიხარ და განგაშის ხმა გესმის,“- აღნიშნა იარინა არიევამ.

წყვილს ქორწილი მაისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მათი გეგმები ომის დაწყებამ შეცვალა. გაურკვეველი მომავლის შიშით, შეყვარებულებმა სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს.

„ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, ჩვენ დავიღუპოთ. მანამდე კი უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს. იქნებ რუსეთი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ქორწინება ნორმალურად ავღნიშნოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უსაფრთხო, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ რუსების გარეშე,“- განაცხადა არინა არიევამ.

წყარო: ​edition.cnn.com

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ გახდა XXI საუკუნის ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება განსაკუთრებით სახიფათო? - პედიატრი ევგენი კომაროვსკი

რატომ გახდა XXI საუკუნის ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება განსაკუთრებით სახიფათო? - პედიატრი ევგენი კომაროვსკი

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ბავშვებში ტკბილეულის მოხმარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვს ტკბილის მიღებას კატეგორიულად ვერ ავუკრძალავთ:

​ტკბილეულის კატეგორიული აკრძალვა შეუძლებელია. როგორც ნიკოტინსა და ალკოჰოლს, მასაც ერთი ხელის მოსმით ვერ ავკრძალავთ. ტკბილეულთან დაკავშირებით ლავირებაა საჭირო. შაქარი ყველაზე მარტივი გზაა სიამოვნების მისაღებად. ძალიან რთულია, რომ ბავშვებს ამ სიამოვნების მიღებაზე უარი ვუთხრათ.

უფროსებს ძალიან სიამოვნებთ, როდესაც ბავშვებს ტკბილეულს ჩუქნიან. პატარები მადიანად ილუკმებიან და ბედნიერები არიან. უფროსებს ეუფლებათ შეგრძნება, რომ კარგი ადამიანები არიან, რადგან ბავშვების გაბედნიერება შეძლეს. ბავშვისთვის სიხარულის მინიჭების სხვა საშუალებებიც არსებობს. შეგიძლიათ ბავშვთან ერთად სასეირნოდ წახვიდეთ, ვაჟი სათევზაოდ წაიყვანოთ. ​ეს გაცილებით რთულია, ვიდრე შვილისთვის ტკბილეულის ყიდვა.

ტკბილეულის მიღების შემდეგ ბავშვს ენერგია ემატება. მას ამ ენერგიის დახარჯვა ესაჭიროება. თუ უფროსები ბავშვს ტკბილეულის მირთმევის შესაძლებლობას აძლევენ, მას ენერგიის დასახარჯად შესაბამისი პირობებიც უნდა შეუქმნან. ბავშვებმა უნდა ირბინონ, იხტუნონ, სპორტით დაკავდნენ. ასეთ შემთხვევაში ტკბილის მირთმევა საგანგაშო არ არის.

ბავშვები, რომლებიც ეკრანთან სხედან, ემოციებს ხარჯავენ, მაგრამ ფიზიკური ენერგიის დახარჯვას ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ, XXI საუკუნეში ტკბილეულის მიღება ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიში გახდა. ტკბილეულის მირთმევა და სმარტფონების გამოყენება ჭარბწონიანობის ეპიდემიის გამომწვევია. თუ ბავშვი გამხდარია, არ აწუხებს უმადობა, ბევრს მოძრაობს, დაკავებულია სპორტით, ოჯახი უქმეებს ტელევიზორთან კი არ ატარებს, არამედ ბუნებაში გადის, მაშინ ასეთი ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება ცალსახად ნებადართულია,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად