Baby Bag

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეებში ჩატარებული საქორწინო ცერემონია უკრაინელი წყვილის საოცნებო ქორწილისგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა მათ დაძაბული ვითარების ფონზე სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. ქორწილის დღეს ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. მიუხედავად ამისა იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი მაინც დაქორწინდნენ.

„ეს ძალიან საშიში იყო. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ქუჩაში გადიხარ და განგაშის ხმა გესმის,“- აღნიშნა იარინა არიევამ.

წყვილს ქორწილი მაისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მათი გეგმები ომის დაწყებამ შეცვალა. გაურკვეველი მომავლის შიშით, შეყვარებულებმა სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს.

„ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, ჩვენ დავიღუპოთ. მანამდე კი უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს. იქნებ რუსეთი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ქორწინება ნორმალურად ავღნიშნოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უსაფრთხო, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ რუსების გარეშე,“- განაცხადა არინა არიევამ.

წყარო: ​edition.cnn.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„სჯობს, სარეცხი არ გარეცხოთ და სახლი არ დაალაგოთ და ეს გააკეთოთ,“- ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რეკომენდაცია მშობლებს

„სჯობს, სარეცხი არ გარეცხოთ და სახლი არ დაალაგოთ და ეს გააკეთოთ,“- ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რეკომენდაცია მშობლებს

პანდემიის პირობებში მოზარდებს სახლში დროის უდიდესი ნაწილის გატარება უხდებათ, რაც მშობლებსა და შვილებს შორის დაძაბულობასა და კონფლიქტებს ზრდის. ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობელსა და შვილს შორის ნების ჭიდილის ან კონფლიქტური სიტუაციების დასაძლევად უფროსებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ ოჯახურ პერფორმანსებს. როდესაც ამის შესახებ ვთქვი, ჯერ მშობლები მიყურებდნენ, ფიქრობდნენ: „ეს ქალი ვერ არის, რა დროს პერფორმანსია?!“ ძალიან ეჭვის თვალით მიყურებდნენ. დავარწმუნე, ერთხელ ხომ შეიძლება სცადო?! მეუბნებოდნენ: „დაგვცინებენ ჩვენი შვილები, მით უმეტეს გარდატეხის ასაკის.“ შევიკრიბოთ და მოვილაპარაკოთ, რისი პერფორმანსი გვინდა: მუსიკალური, თეატრალური, კინოს. ფილმების გამოცნობანა ან ასეთი რაღაცები, სადაც ყველა ჩართული ვართ. სჯობს, სარეცხი არ გარეცხოთ და სახლი არ დაალაგოთ და ეს გააკეთოთ, გაპატიებენ ოჯახის წევრები.“

​„ეს არის ისეთი სიხალისე, ისეთი შეკრულობის განცდა, რომ კონფლიქტური სიტუაციების დაძლევა ხდება შესაძლებელი. შეგიძლიათ შეთავაზება, რომ ერთობლივი რამ გავაკეთოთ თუნდაც Zoom-ში. ასეთი გამოგონებები, რომლებიც ჩვენ სოციალურ საჭიროებებს შეგვივსებს, არის აუცილებელი. შეიძლება ვიღაც მშობლებს ძალიან კარგი იდეები მოუვიდეთ და ეს იქნება ძალიან კარგი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონფლიქტური სიტუაცია და მშობელსა და შვილს შორის ნების ჭიდილი შემცირდეს,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად