Baby Bag

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეებში ჩატარებული საქორწინო ცერემონია უკრაინელი წყვილის საოცნებო ქორწილისგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა მათ დაძაბული ვითარების ფონზე სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. ქორწილის დღეს ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. მიუხედავად ამისა იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი მაინც დაქორწინდნენ.

„ეს ძალიან საშიში იყო. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ქუჩაში გადიხარ და განგაშის ხმა გესმის,“- აღნიშნა იარინა არიევამ.

წყვილს ქორწილი მაისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მათი გეგმები ომის დაწყებამ შეცვალა. გაურკვეველი მომავლის შიშით, შეყვარებულებმა სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს.

„ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, ჩვენ დავიღუპოთ. მანამდე კი უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს. იქნებ რუსეთი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ქორწინება ნორმალურად ავღნიშნოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უსაფრთხო, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ რუსების გარეშე,“- განაცხადა არინა არიევამ.

წყარო: ​edition.cnn.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შეიძლება პედიატრი იყოს სერიოზული ადამიანი, ეს არის კატეგორიულად გამორიცხული,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„არ შეიძლება პედიატრი იყოს სერიოზული ადამიანი, ეს არის კატეგორიულად გამორიცხული,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ პედიატრის პროფესიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგ პედიატრს ბევრი უნარი უნდა ჰქონდეს, რომელიც მას ისეთ განსაკუთრებულ პაციენტთან ურთიერთობისთვის სჭირდება, როგორიც ბავშვია:

„არ შეიძლება პედიატრი იყოს სერიოზული ადამიანი. ეს არის კატეგორიულად გამორიცხული. უნდა იყო ცოტა კომიკოსი, კარგი ფსიქოლოგი, ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარის მქონე. ეს განსაკუთრებული მხარეა, იმიტომ, რომ შენ არ გაქვს ურთიერთობა მარტო ერთ ადამიანთან. მოზრდილი როდესაც მიდის ექიმთან, იქ არის მარტო ერთი ექიმი, ერთი პაციენტი. მე ვერ წარმომიდგენია პედიატრთან ერთი ადამიანის ვიზიტი. ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში.“

„საქართველოში ამას ემატება ჩვენი ოჯახის ფენომენი. ბავშვი მოდის მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან ერთად, რაც სრულებით არ არის ცუდი. ეს იდეალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს მინიმუმ 4 პატრონი ჰყავს. თუ ერთს რამე გამოეპარა, მეორე დაინახავს, მეორეს გამოეპარება - მესამე დაინახავს. სრულებით არ მიმაჩნია ეს ზედმეტად. ბავშვის ყველა პატრონი რომ მერე პედიატრთან ცალ-ცალკე რეკავს, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ექიმი, რომელიც ტელეფონს გამორთავს სახლში რომ მივა და იტყვის, რომ სამუშაო საათები დაამთავრა, ის ექიმი არ არის,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად