Baby Bag

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი დღეიდან ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ საუბრობს:

„ონლაინ კაზინოები ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. უამრავი ადამიანი - არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინ თამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული - 1,5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში.

1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე და ონლაინ კაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას,“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის დასმა შეიძლება ერთი დღის ასაკიდან, უპრობლემოდ შეგიძლიათ აიყვანოთ და დაისვათ ბავშვი,“ - თემურ მიქელაძე

„ბავშვის დასმა შეიძლება ერთი დღის ასაკიდან, უპრობლემოდ შეგიძლიათ აიყვანოთ და დაისვათ ბავშვი,“ - თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვთა მოვლის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს ბავშვის სწორად დაჭერის წესები გააცნო, რომელთა დახმარებით პატარებს ტრავმების მიღებისგან დავიცავთ:

„ბავშვს ვერაფერს ვერ ამოუგდებს მშობელი, მთავარია, სწორად აიყვანოს. როდესაც აგყავთ ბავშვი, მთავარია, უცებ არ ავიტაცოთ. ხშირად გვინახავს მშობლები, როდესაც ბავშვი გაღიზიანებულია და ტირის, მივარდებიან, აიყვანენ, იწყება რწევა, ხდება ხელში ზედმეტი ჯაყჯაყი. ამ დროს თუ ბავშვს აქვს რაიმე პრობლემა, შეიძლება უფრო გავაღრმავოთ. ბავშვი შეგვიძლია დავიწვინოთ იდაყვზე 30 გრადუსიანი დახრით. როდესაც ბავშვს აქვს რეფლუქსი, მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ კვების შემდეგ 20 წუთი ბავშვი დაიკავონ ვერტიკალურ პოზაში. დისპლაზიის პროფილაქტიკა რომ მოვახდინოთ, აჯობებს ფეხები იყოს განზიდულ პოზაში. ზოგ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ერთი ზედმეტი საფენიც კი გამოიყენოს მშობელმა. შეგიძლიათ ბავშვი შემოისვათ თეძოზე. ეს კარგია მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის პრევენციისთვის.“

​თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვის დაჯენა დაბადების პირველივე დღიდანვე შესაძლებელია:

„მშობლები საკმაოდ ხშირად კითხულობენ: როდის დავაჯინოთ ბავშვი? ბავშვის დასმა შეიძლება ერთი დღის ასაკიდან. ეს მინდა კიდევ ერთხელ ყველას ავუხსნა. იყო მითი, რომ ექვს თვემდე არ შეიძლება, რვა თვემდე არ შეიძლება. უპრობლემოდ შეგიძლიათ ჩაისვათ ბავშვი. დამოუკიდებლად ჯდომას ბავშვი ექვსი თვის ასაკიდან იწყებს. მარტივად შეგიძლიათ მიხედოთ ბავშვს. არაფერს არ დაუზიანებთ. ​მთავარია, არ გავაკეთოთ უნებლიე მოძრაობები. უპრობლემოდ შეგიძლიათ აიყვანოთ და დაისვათ ბავშვი.“

თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვი საწოლში ზურგზე დააწვინონ, იშვიათ შემთხვევებში კი გვერდზე წოლის საშუალებაც მისცენ:

„ბავშვი საწოლში შეგიძლიათ პირდაპირ ზურგზე დააწვინოთ. თქვენ გინახავთ, როდესაც მშობლები იყიდიან საკმაოდ ძვირადღირებულ საწოლს, ასევე გვერდით ამოსაკრავ საშუალებებს. აერაცია საერთოდ არ ხდება. სასურველია, რომ ბავშვი იყოს ღია სივრცეში. 3-4 თვემდე ასაკის ბავშვს არ შეუძლია გადაბრუნება. შემდგომ უკვე ზოგჯერ ხელს ყოფენ საწოლიდან, ზოგჯერ ფეხს და შეიძლება ტრავმატიზმი გამოიწვიოს ამან. მთავარი არის მეთვალყურეობა. შეგიძლიათ ბავშვი გვერდულადაც დააწვინოთ, თუმცა არ არის სასურველი, რომ დიდხანს, დაახლოებით 15-20 წუთით. აუცილებელია ზურგზე წოლა, ზოგ შემთხვევაში შეგიძლიათ გვერდზე.“

„იმ შემთხვევაში, ​თუ ბავშვი არის ძუძუთი კვებაზე, ჩვენ თავიდან ვიწყებთ აუცილებლად D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზებით მიცემას. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა და ერთ ლიტრამდე საკვებს იღებს ხელოვნურ კვებაზე, ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, საერთოდ არ არის საჭირო D ვიტამინის დამატება. მას არ გაუბრტყელდება თავი,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „თქვენი კლინიკა“ ისაუბრა.

წყარო: ​„თქვენი კლინიკა“

წაიკითხეთ სრულად