Baby Bag

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი დღეიდან ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ საუბრობს:

„ონლაინ კაზინოები ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. უამრავი ადამიანი - არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინ თამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული - 1,5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში.

1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე და ონლაინ კაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას,“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

ლოლის სიურპრიზის პოპულარულ თოჯინებს მშობლები ბოიკოტს უცხადებენ

ლოლის სიურპრიზის პოპულარულ თოჯინებს მშობლები ბოიკოტს უცხადებენ

ლოლის სიურპრიზის ახალი თოჯინების ჩაცმულობამ მშობლების აღშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია. დედები ხმამაღლა აცხადებენ, რომ ლოლის სათამაშოებს ამიერიდან შვილებისთვის არასდროს შეიძენენ.

მშობლები ბავშვებისთვის სათამაშოების შერჩევისას ყოველთვის უდიდესი სიფრთხილით გამოირჩევიან. ისინი ყურადღებით აკვირდებიან, რითი თამაშობენ მათი შვილები. ყველა დედა ცდილობს, რომ ბავშვმა მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაფერისი თოჯინებით ითამაშოს. არავის სურს, რომ სათამაშომ ბავშვს რაიმე სახის ზიანი მიაყენოს და მასზე ნეგატიურად იმოქმედოს.

ლოლის სიურპრიზის თოჯინები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. პატარა გოგონებს, ზოგჯერ ბიჭებსაც, ლოლის თოჯინებით თამაში ძალიან უყვართ. ბავშვებს თოჯინასთან თამაში, მისი ჩაცმა და მასთან ერთად გართობა შეუძლიათ. მათი ნაწილი ინტერაქციულია. ზოგიერთი თოჯინა წყალში ჩასმისას ტირის, ახველებს ან სხვა სახის აქტივობას ახორციელებს. კომპანიამ ისეთი თოჯინებიც გამოუშვა, რომლებიც წყალში ჩადების შემდეგ ფერს იცვლიან.

ლოლის სიურპრიზის ერთ-ერთი უახლესი თოჯინა კი წყალში ჩასმის შემდეგ ტანსაცმლით იმოსება. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თოჯინის ტანსაცმელი ქალის სექსუალური თეთრეულის ანალოგია.

მშობლების უდიდესი ნაწილი ლოლის თოჯინის ახალ ტანსაცმელს პროტესტს უცხადებს. ისინი თვლიან, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მსგავს ტანსაცმელში გამოწყობილი თოჯინით თამაში შეუფერებელი და სახიფათოა.

მშობლების დიდი ნაწილი თოჯინის მეტისმეტად გამოკვეთილ ანატომიურ აგებულებასაც იწუნებს და ამბობს, რომ აღნიშნული თოჯინა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის შესაფერისი არ არის. სოციალური მედია აღშფოთებული მშობლების კომენტარებმა მოიცვა. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრენდის თოჯინებს არასდროს შეიძენენ და მას ბოიკოტს უცხადებენ.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 


წაიკითხეთ სრულად