Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვების ნაწილს აქვს სეპარაციის შფოთვა. ძალიან რთულია ამ მდგომარეობის გადალახვა,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში შფოთვითი აშლილობების სხვადასხვა ფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვების ნაწილს მშობლებთან განშორება და სასწავლო გარემოსთან შეგუება ძალიან უძნელდება:

„საბავშვო ბაღში წასვლაზე, სკოლაში წასვლაზე, სკოლაში დარჩენაზე ​ძალიან დიდი სიფრთხილზე გვმართებს ჩარჩოების დაწესებასთან დაკავშირებით. ყველა ბავშვი ვალდებულია და უნდა წავიდეს სკოლაში, უნდა დარჩეს იქ, მაგრამ ყველა ბავშვი ამას ვერ ახერხებს, იმიტომ არა, რომ არის განებივრებული, იმიტომ არა, რომ არის თავხედი, იმიტომ არა, რომ არ ემორჩილება დაწესებულ წესებს, უბრალოდ ნაწილს აქვს ე.წ. სეპარაციის შფოთვა. ბავშვი არ რჩება სასწავლო გარემოში უფროსის, ახლობლის გარეშე. ჩვენ ვიცით ასეთი ბავშვები და ძალიან რთულია ამ მდგომარეობის გადალახვა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ზოგიერთი ბავშვისთვის მშობლის გარეშე დარჩენა პანიკური შეტევის ტოლფასია:

​ბავშვს ეჩვენება, რომ მას დატოვებენ საყვარელი ადამიანები და აღარ მიაკითხავენ. პანიკური შეტევის ტოლფასია ზოგიერთი ბავშვისთვის მშობლის გარეშე დარჩენა. მე არ ვარ მომხრე, როდესაც მასწავლებლები საბავშვო ბაღში მშობელს ეუბნებიან: „მოკეტე კარი, იტირებს და გაჩერდება.“ ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც ბავშვს კანფეტი უნდა, ჩვენ არ ვაძლევთ კანფეტს, იტირებს და გაჩერდება. ვიცით ბავშვები, რომლებიც მთელი წელი, ზოგიერთი ორი წელიც კი, მშობლის გარეშე არ ჩერდება სკოლაში.“

„არის მეორე ტიპის შფოთვითი აშლილობის ფორმა, რომელიც ჩვენ ხშირად გვხვდება ბავშვებში. ​ეს არის სასკოლო შფოთვა. ბავშვს უხარია სკოლაში წასვლა. სკოლა არ აძლევს იმის საბაბს, რომ არ წავიდეს სკოლაში, უნდა ბავშვს წასვლა, მიდის კარებამდე და იქ იწყებს ტირილს. ესეც არის პანიკური შიშის ტოლფასი. დედა კარგად იქცევა, როდესაც ამ დროს უკან მოჰყავს ბავშვი. ეს არის ირაციონალური შფოთვა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და მხარდაჭერა. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოთერაპია. მშობელი მარტო ვერ გაუმკლავდება ამას,“- აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად