Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„გილოცავთ, ყველას გვიხარია! ასე იცის შობის დღესასწაულმა,“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„გილოცავთ, ყველას გვიხარია! ასე იცის შობის დღესასწაულმა,“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

​​დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ქადაგებაში შობის დღესასწაულის შესახებ საუბრობს და იმ სიხარულის მნიშვნელობაზე მიგვითითებს, რომელიც შობას ადამიანებისთვის მოაქვს:

„გილოცავთ, ყველას გვიხარია! ასე იცის შობის დღესასწაულმა. ადამიანი ხშირად არაცნობიერადაც კი ხარობს უფლის მოვლინების დღეს. ბუნებრივიც არის, ასეც უნდა იყოს. თუ არ იქნა განცდილი და გააზრებული, თუ რა არის მიზეზი და საგანი ჩვენი სიხარულისა, ვერ ვიქნებით ბოლომდე თანამონაწილენი, რა თქმა უნდა. ყველაფერი, რაც დაიწერა წმინდა წერილში, ჩვენს სამოძღვრებლად დაიწერა, როგორც დიდი პავლე მოციქული ამბობს. დღესაც კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო განწყობა გვაქვს და სამართლიანად, ერთმანეთს ვულოცავთ, გვიხარია, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მთელი ​სერიოზულობით მოვეკიდოთ ამ დღესასწაულს. მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ ჩვენს სიხარულს, იმიტომ, რომ ამ სიხარულს პასუხისმგებლობის განცდის გარეშე, პასუხისმგებლობის აღების გარეშე სრულად ვერ გავითავისებთ.“

დეკანოზის თქმით, ღვთის განკაცებამ ადამიანი უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენა:

„ის, რაც მოგვიტანა ღვთის განკაცებამ, იმდენად დიადი რამ არის, იმდენად განადიდებს ადამიანს, იმხელა პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს ადამიანს, რომ უბრალოდ არ შეიძლება, რომ ამას სერიოზულად არ მოვეკიდოთ. ჩვენ მოგვეცა ჩვენი გონებისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელი რეალობა, მისი არმიღება ან ვერმიღება, ჩვენს პიროვნებას იმ დონეზე აკნინებს, რომ ჩვენი ადამიანობისგან აღარაფერი რჩება.“

​მამა თეოდორე გიგნაძე მწყემსებისა და მოგვთა თაყვანისცემის შესახებ საუბრობს და ნამდვილი რწმენის მნიშვნელობაზე მიგვითითებს:

„ყველამ ვიცით ეს ლამაზი ისტორია, როგორ ადიდებენ მწყემსნი და როგორ მიდიან მოგვნი თაყვანისცემისათვის. მწყემსების გალობაში, რომლებიც ანგელოზებთან ერთად უგალობენ განკაცებულ ღმერთს, საოცარი სიხარული გამოსჭვივის. ბუნებრივია, ​ჩვენი გულიც ცდილობს, რომ ამის თანამონაწილე გახდეს. მოგვები ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ. ჩვენში არის რწმენა, რომელიც რეალიზდება ღვთის ძიებით. თუ ადამიანი ღმერთს არ ეძებს, მისი რწმენა მკვდარია. მოგვების მაძიებლობა ჩვენი რწმენის ერთგვარი სიმბოლოა, ნამდვილი რწმენის, რომელიც სულ უნდა ეძებდეს. ჩვენთვის ეს სამაგალითოა, რომ ჩვენს ცოდნას, შესაძლებლობებს, ნიჭებს ვიყენებდეთ რწმენის გაცოცხლებისთვის.“

„ერთ-ერთი მთავარი გაცოცხლებულ რწმენაში არის ძიება. მოგვები ეძებენ, დადიან, შორი გზიდან მოდიან. ისინი იერუსალიმში მიდიან და მეფეს ნახულობენ. იერუსალიმი იცით, რომ სიმბოლოა გულისა. თუ მოგვები გაცოცხლებული, ​მაძიებელი რწმენის სიმბოლოა, იერუსალიმი ჩვენი გულის სიმბოლოა. ჩვენი ცოცხალი რწმენა გვაიძულებს ვეძებოთ და იერუსალიმს მივადგებით. იერუსალიმი გულია. იერუსალიმს რა ემართება? იერუსალიმი შეძრწუნდება. რატომ შეიძლება შეძრწუნდეს გული, როდესაც გაიგებს მაცხოვრის განკაცების შესახებ?! ადამიანის გული იმიტომ შეიძლება შეძრწუნდეს, რომ ის არის ყოველგვარი სისაძაგლის წყარო, მისი დაცემულობის გამო. უფალი განმარტავს, რომ თუ რამე გვხვდება ცუდი ამ სამყაროში, ადამიანის გულიდან გამომდინარეა. თუ ჩვენ ჩვენს გულს ამგვარად არ ვიცნობთ, თუ ჩვენ საკუთარი გული კარგი რამ გვგონია, ქრისტიანული ცხოვრება არც დაგვიწყია. დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთისა,“ - აცხადებს მამა თეოდორე.

წყარო: ​დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები

წაიკითხეთ სრულად