Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯადოსნური ფრაზა, რომელიც გაღიზიანებული ბავშვის დამშვიდებაში დაგეხმარებათ

ჯადოსნური ფრაზა, რომელიც გაღიზიანებული ბავშვის დამშვიდებაში დაგეხმარებათ

ბავშვებს ხასიათი სწრაფად ეცვლებათ. ორი წუთის წინ ბედნიერი და მხიარული ბავშვი მოულოდნელად ღიზიანდება, ისტერიკას აწყობს, რაც მშობლების განწყობაზეც ნეგატიურად მოქმედებს. ბავშვის გაღიზიანების მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაა. შესაძლოა, მას თოჯინა გაუტყდა ან რამეზე იეჭვიანა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხედავთ, რომ ​ბავშვი ბრაზობს, ემოციებს ვერ აკონტროლებს და ისტერიკას აწყობს, მას მშვიდი და კეთილმოსურნე ხმით შემდეგი კითხვა დაუსვით:

„ძალიან დიდი პრობლემა გაქვს, საშუალო თუ პატარა?“

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს მეგობარმა სათამაშო არ დაუთმო, რის გამოც ის ტირის. ამ დროს ​ბავშვს ისტერიკის მოწყობამდე მიმართეთ და ჰკითხეთ: „ეს დიდი პრობლემაა, საშუალო თუ პატარა?“ როდესაც ბავშვი პასუხს გაგცემთ, ერთად იმსჯელეთ პრობლემის სიდიდესა და მისი მოგვარების გზებზე. ბავშვს უთხარით, რომ პრობლემის სიდიდის მიუხედავად, მისი მოგვარების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.

ფსიქოლოგები სამ მიზეზს ასახელებენ, რის გამოც ეს ჯადოსნური ფრაზა ბავშვებზე დადებითად ზემოქმედებს და ისინი მარტივად მშვიდდებიან:

  • ბავშვი ამჩნევს, რომ ჩვენ მის გრძნობებს პატივს ვცემთ.
  • კითხვაზე პასუხის გასაცემად ბავშვი ყოვნდება და პრობლემას აანალიზებს, რაც მას დამშვიდების შესაძლებლობას აძლევს.
  • აღნიშნული კითხვის დასმით მშობლები ბავშვს შესაძლებლობას აძლევენ, რომ მან საკუთარი პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად სცადოს.

ამ მარტივი კითხვის დასმით და ​შვილთან მშვიდად საუბრით თქვენ დიდ დროს და ნერვებს დაზოგავთ, ამასთან, ბავშვს დაეხმარებით, რომ მეტად თავდაჯერებული გახდეს.

მომზადებულია ​brightside.me - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად