Baby Bag

„მინდა მოგიყვევთ უკრაინაში მეორედ დევნილად ქცეულ ქართველზე, არჩილ სურმანიძეზე და მის ორი დღის ომს შეწირულ შვილზე,“ - უკრაინაში მყოფ ქართველს და მის ოჯახს დახმარება სჭირდება

„მინდა მოგიყვევთ უკრაინაში მეორედ დევნილად ქცეულ ქართველზე, არჩილ სურმანიძეზე და მის ორი დღის ომს შეწირულ შვილზე,“ - უკრაინაში მყოფ ქართველს და მის ოჯახს დახმარება სჭირდება

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თორნიკე სირბილაძე ჯგუფში „Georgia Supports Ukraine“ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინაში მყოფი ქართველის ოჯახის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს:

„მინდა მოგიყვევთ უკრაინაში მეორედ დევნილად ქცეულ ქართველზე, არჩილ სურმანიძეზე და მის 2 დღის ომს შეწირულ გიორგი სურმანიძეზე, რომელიც ჭურვების ქვეშ დაიბადა და 2 დღეში ისევ ცაში გაფრინდა.

არჩილი და ოლია მესამე ბიჭს ელოდებოდნენ, 33 კვირის იყო ოლია როცა ომი დაიწყო უკრაინაში, კიევში ცხოვრობდნენ, კიევის დაბომბვის გამო ოლიამ ძალიან დიდი სტრესი მიიღო და ნაადრევი მშობიარობის რისკის ასაცილებლად ის სამშობიაროში გადაიყვანეს და ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილიც მასთან იყვნენ.

1 მარტს სამშობიარო დაიბომბა, რის გამოც მშობიარეების ჩაყვანა მოუწიათ ბუნკერში, სრულიად ორსულებისთვის შეუთავსებელ გარემოში სადაც დაიბადა გიორგი. დედას მაღალი წნევა ქონდა,რის გამოც ბავშვს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა და მხოლოდ 2 დღე იცოცხლა.

ოლიას თრომბი განუვითარდა, ის ახლა სიკვდილს ებრძვის და ცდილობს რომ მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი არ დარჩეს დედის გარეშე.

ამ წუთას იმყოფებიან ლვოვში და ოლიას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა ვარშავაში ან ახლოს მიმდებარე კლინიკაში პოლონეთში,რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ეს ორი პატარაც არ დაობლდეს.

არჩილი მისი მეუღლე უმძიმეს მდგომარეობაშია, არ იცის შვილები დაამშვიდოს, საკუთარი თავი თუ ოლიას სიცოცხლე გადაარჩინოს.

სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა.

ჩვენ ათობით და ასობით უკრაინის მოქალასეს დავეხმარეთ. ახლა კი ქართველს, ჩვენს ორგზის დევნილ ადამიანს და მის ოჯახს ვჭირდებით.

დანიშნულება #არჩილსურმანიძისოჯახი

თბს-მიმღები სალომე სამუშია

#GE85TB7643945063300001

საქ- მიმღები სალომე სამუშია

#GE48BG0000000927240600

ლიბერთი ბანკი: მიმღები სალომე სამუშია

#GE38LB0711133300927000

პლიუს ქულები : 62009003366

ფეიფალი : [email protected]

საერთაშორისო გზავნილები

Salome Samushia

ყველა დეტალზე მიწერეთ ჩემს მეუღლეს ან დაურეკეთ Salo Samushia -ს ეს მისი ნომერია 591103939 whats app, viber, telegram,“- წერს თორნიკე სირბილაძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

ყოფილმა ტელეწამყვანმა თეა გვასალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვობაში ქუთაისში გატარებულ საახალწლო არდადეგებს და იქ გატარებულ საოცარ დღეებს იხსენებს:

„არ მახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენს დროს საახალწლო არდადეგები, ალბათ ათი დღე ან ორი კვირა, მაგარამ ის კი მახსოვს, 1 სექტემბრიდან რომ ველოდებოდით და დღეებს ვითვლიდით. მაშინ, ახლანდელისგან განსხვავებით, დრო ძლივს მიიზლაზნებოდა და როდის-როდის დგებოდა ის ბედნიერი დღე, მშობელთა კრებიდან დაბრუნებული დედაჩვენის აღმზრდელობით ხასიათის „სპიჩის“ შემდეგ, ქუთაისში გასამგზავრებელ მზადებას რომ ვიწყებდით. რაღა დროსია, მაგრამ ახლა ვბრაზობ, რატომ გვევალებოდა საუკეთესო ნიშნებზე სწავლა და რატომ ითვლებოდა ყოველი ოთხიანი სამშობლოსა და ოჯახის ღალატად. ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, კარგი შვილო, გასაგებია რომ არ გესმის და არც გაინტერესებს ეს ტექნიკური საგნები, მაშინ ჰუმანიტარულები გავაძლიეროთ და მოდი ერთის ნაცვლად სამი ენა ვისწავლოთო. მაგრამ არა, თან მე, როგორც უფროსს, რატომღაც მეტს მთხოვდნენ და ორივეს მაგივრად მე ვიტუქსებოდი.

აი, სადაც არავინ კითხულობდა ჩვენს აკადემიურ მოსწრებას, ყოფაქცევას და მუსიკის გამოცდების შედეგებს, ბებია-ბაბუის სახლი იყო საფიჩხიაზე. იქ ჩვენ ვიყავით სამყაროს ცენტრი და ჩვენს ირგვლივ ბრუნავდა დედამიწა. გაფიქრებული არ გვქონდა სურვილი, რომ უკვე შესრულებული იყო. ნანატრ თოვლს ბაბუ ვერ მოიყვანდა, მაგრამ ათასში ერთხელ ხდებოდა სასწაული და ქუთაისიც თეთრად გადაპენტილი ეგებებოდა ახალ წელს. მაშინ ორმაგად გვიხაროდა, რადგან რიკოთი იკეტებოდა ხოლმე და მატარებლით გვიწევდა მგზავრობა. ეს იყო ენითაუწერელი სიხარული და რაღაც უჩვეულოს მოლოდინი. ვაგონის ფანჯრებზე ცხვირმიჭყლეტილები კარგი ფილმივით მივჩერებოდით სახურავდათოვლილ სახლებს, მათ სარკმელებში მოციმციმე შუქებს, ნაადრევად დაღამებულზე დაცარიელებულ ქუჩებს და ლიმონისფრად განათებულ სადგურებზე მატარებლის მომლოდინე ხალხს. ქუთაისის თოვლი კი თბილისისაზე სველი და წყალწყალა იყო, თოვლჭყაპი უფრო ეთქმოდა. მაგრამ ვინ დაეძებდა. თეთრი ხომ იყო და ცივი, გუნდები ხომ კეთდებოდა და ცხვირის ადგილზე სტაფილოგარჭობილ თოვლის ბაბუასაც შეაკოწიწებდი მონდომებული ბავშვი ეზოში.

ავირბენდით სახლში ხელ-ფეხგაყინულები და ბედნიერები და იქ ბებიაჩვენის საოცარი ხელიდან გამოსული კულინარიული შედევრები გვხვდებოდა, გოზინაყთან, ჩურჩხელებთან და ფელამუშთან ერთად.

და ის „გრილიაჟი“ და „დათუნია“, მაშინ რომ ძლივს შოულობდნენ და ახლა ყოველ ნაბიჯზე ყრია, ჩემთვის დღესაც ახალი წლის სიმბოლოებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია და 31-ში სხვა კანფეტებს არც ვყიდულობ.

საღამოს თუ ისევ წამოთოვდა, არც ტელევიზორი გვახსოვდა, არც წიგნები. სანამ ძილის დრო არ დაგვიდგებოდა, ვისხედით ფანჯარასთან და სათითაოდ ვითვლიდით ერევნის ქუჩის ლამპიონების გაცრეცილ შუქზე როგორ მშვიდად ტრიალებდნენ სხვადასხვა ზომის ფიფქები ჰაერში და აუჩქარებლად ეშვებოდნენ ქვაფენილზე, რომლის პრიალა ქვებს ჯერ ტალღისებურად ედებოდა თოვლის საფარველი, შემდეგ ჩაღრმავებულ ადგილებსაც თოვლი ავსებდა და ყველა ხმას ახშობდა.

აი, ეს იყო სიჩუმე, ყველა სხვა ხმისგან რომ ისვენებს სული და ხორცი და ეს იყო სიმშვიდე, რომელსაც მაშინ ვერ აფასებ, რომელიც იქ, ბავშვობაში რჩება და მთელი მომდევნო ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, რომელი შვეიცარიის ალპებშიც არ უნდა ეძიო რელაქსი, რა მონბლანის ხედითაც არ უნდა დატკბე ღია ცის ქვეშ ცხელ ჯაკუზში მოლივლივე, სხვისი არ ვიცი და მე დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე, თოვლიან ახალ წელზე, ჩემს მაგივრად რომ სხვები ფიქრობდნენ, ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი ცოცხლები იყვნენ და ერთადერთი რაც მევალებოდა იმ ბედნიერი ბავშვობით დატკბობა იყო,“ - წერს თეა გვასალია.

წაიკითხეთ სრულად