Baby Bag

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

ბოლო თვეების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 2022 წლის იანვრიდან ავადობის 74 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 49 ინგლისში, 13 შოტლანდიაში, 12 კი უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში აღრიცხეს.

ბავშვებში მძიმე, მწვავე ჰეპატიტის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა აშშ-ში, ესპანეთსა და ირლანდიაში.

ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მძიმე შემთხვევების მკვეთრი მატება დიდ ბრიტანეთში. წამყვანი თეორიის მიხედვით, შესაძლოა, გამომწვევი მიზეზი რომელიმე ვირუსული ინფექცია, მათ შორის, კოვიდ-19-ის ვირუსიც იყოს.

ჰეპატიტი ღვიძლის ანთების აღმნიშვნელი სამედიცინო ტერმინია. ანთება ზოგადი იმუნური პასუხია დაზიანებაზე ან ინფექციაზე. ბავშვებში ჰეპატიტის სიმპტომები შემდეგია: მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო შეფერილობის განავალი, კანის სიყვითლე და მაღალი ტემპერატურა.

სათანადო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში ჰეპატიტი განკურნებადია, თუმცა იშვიათ შემთხვევაში პაციენტებს, შესაძლოა, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდეთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვებიდან ექვსს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

ბავშვებში ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. მათ შორის ყველაზე ხშირი გამომწვევია: A, B, C, D და E ჰეპატიტის ვირუსები. იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში ჰეპატიტის გამოწვევა ადენოვირუსსაც შეუძლია.

დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვების შემთხვევაში უჩვეულო ის არის, რომ ჰეპატიტის გამომწვევი მათთან ჰეპატიტის არცერთი ვირუსი არ ყოფილა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შემთხვევების უჩვეულო მატების მიზეზებს აქტიურად იკვლევენ.

ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მატება, შესაძლოა ადენოვირუსით ინფიცირებას გამოეწვია, თუმცა მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, ძალიან იშვიათია. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ჰეპატიტის გამომწვევი, შესაძლოა, კორონავირუსი ყოფილიყო, თუმცა მსგავსი შემთხვევებიც იშვიათობას წარმოადგენს და უმეტესად მძიმედ მოავადე ასაკოვან ადამიანებშია გამოვლენილი. დიდ ბრიტანეთში მძიმე ჰეპატიტით მოავადე ბავშვებს შორის კოვიდი რამოდენიმემ გადაიტანა და არა ყველამ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამორიცხავენ ჰეპატიტის შემთხვევების უეცარ ზრდასა და ვაქცინაციას შორის კავშირსაც, რადგან არცერთ ბავშვს, რომელსაც ჰეპატიტი დაუდგინეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა.

წყარო: ​theconversation.com

შეიძლება დაინტერესდეთ

აი, როგორ აქციო იმუნური სისტემა ძალიან ძლიერად - 5 მარტივი რჩევა გიორგი ღოღობერიძისგან

აი, როგორ აქციო იმუნური სისტემა ძალიან ძლიერად - 5 მარტივი რჩევა გიორგი ღოღობერიძისგან

აი, როგორ აქციო იმუნური სისტემა ძალიან ძლიერად - 5 მარტივი რჩევა გიორგი ღოღობერიძისგან:

1. საკვები - თუ გინდათ, რომ უმუნური სისტემა იყოს ძლიერი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსხვილ ნაწვალში იყოს სწორი ბაქტერიული ფლორა. ამ კუთხით გამოგადგებათ სწორი საკვები, ერთ-ერთია იოგურტი. ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინებით სავსე საკვები. მაგალითად, ვიტამინი B6, რომელიც არის ქათამში, ორაგულში, ტუნაში, ბანანში, ასევე, ნებისმიერ მწვანე ბოსტნეულში, კარტოფილში. C ვიტამინი ისევე, როგორც  E ვიტამინი სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, ისინი ანტიოქსიდანტები არია. C ვიტამინი არის ციტრუსებში, ასევე პომიდორი არის C ვიტამინის კარგი წყარო. რაც შეეხება E ვიტამინს, ამ ვიტამინით სავსეა ნუში, მიწის თხილის კარაქი, მზესუმზირა. 

2. ვარჯიში - ვარჯიშის დროს იკუმშება კუნთები და მოძრაობს ლიმფა (სითხე), სადაც არის ლეიკოციტები, ლიმფოციტები. რაც უფრო აქტიურია ადამიანი, მით მეტად მოძრაობს ლიმფა და მით უფრო ძლიერია იმუნური სისტემაც. ნახევარი საათი საკმარისია იმისთვის, რომ ლიმფა იყოს მოძრავი. ვარჯიში უნდა იყოს რეგულარული. 

3. ჰიდრატაცია - დღეში 2 ან 2,5 ლიტრი უნდა მიიღოს ორგანიზმმა. ლიმფის 96% არის სითხე, ამიტომ ადამიანმა სითხეები უნდა მიიღოს, რომ ლიმფა იყოს კარგად ჰიდრატირებული. 

4. ძილი - თუ არ სძინავს ადამიანს, მისი იმუნური სისტემა დანგრეულია. ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს 7 საათზე მეტი. ძილი უნდა იყოს ხარისხიანი, ოთახი უნდა იყოს გრილი, არ უნდა იყოს სინათლე, უნდა ნიავდებოდეს, უშუალოდ ძილის წინ არ უნდა ივარჯიშოთ და არც საკვები მიიღოთ. გარდა ამისა, ოთახი უნდა იყოს მყუდრო. 

5. სტრესის შემცირება - სტრესი იმუნურ სისტემას თრგუნავს და მიდრეკილი ხდები ინფექციებისკენ. ხშირად უნდა გაიღიმოთ, ისწავლეთ უარის თქმა, ჩახუტება, მუსიკის მოსმენა... არ მიიღოთ ენერგეტიკული სასმელები და დანამატები. 

წყარო: ​Usmle

წაიკითხეთ სრულად