Baby Bag

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

ბოლო თვეების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 2022 წლის იანვრიდან ავადობის 74 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 49 ინგლისში, 13 შოტლანდიაში, 12 კი უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში აღრიცხეს.

ბავშვებში მძიმე, მწვავე ჰეპატიტის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა აშშ-ში, ესპანეთსა და ირლანდიაში.

ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მძიმე შემთხვევების მკვეთრი მატება დიდ ბრიტანეთში. წამყვანი თეორიის მიხედვით, შესაძლოა, გამომწვევი მიზეზი რომელიმე ვირუსული ინფექცია, მათ შორის, კოვიდ-19-ის ვირუსიც იყოს.

ჰეპატიტი ღვიძლის ანთების აღმნიშვნელი სამედიცინო ტერმინია. ანთება ზოგადი იმუნური პასუხია დაზიანებაზე ან ინფექციაზე. ბავშვებში ჰეპატიტის სიმპტომები შემდეგია: მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო შეფერილობის განავალი, კანის სიყვითლე და მაღალი ტემპერატურა.

სათანადო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში ჰეპატიტი განკურნებადია, თუმცა იშვიათ შემთხვევაში პაციენტებს, შესაძლოა, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდეთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვებიდან ექვსს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

ბავშვებში ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. მათ შორის ყველაზე ხშირი გამომწვევია: A, B, C, D და E ჰეპატიტის ვირუსები. იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში ჰეპატიტის გამოწვევა ადენოვირუსსაც შეუძლია.

დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვების შემთხვევაში უჩვეულო ის არის, რომ ჰეპატიტის გამომწვევი მათთან ჰეპატიტის არცერთი ვირუსი არ ყოფილა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შემთხვევების უჩვეულო მატების მიზეზებს აქტიურად იკვლევენ.

ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მატება, შესაძლოა ადენოვირუსით ინფიცირებას გამოეწვია, თუმცა მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, ძალიან იშვიათია. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ჰეპატიტის გამომწვევი, შესაძლოა, კორონავირუსი ყოფილიყო, თუმცა მსგავსი შემთხვევებიც იშვიათობას წარმოადგენს და უმეტესად მძიმედ მოავადე ასაკოვან ადამიანებშია გამოვლენილი. დიდ ბრიტანეთში მძიმე ჰეპატიტით მოავადე ბავშვებს შორის კოვიდი რამოდენიმემ გადაიტანა და არა ყველამ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამორიცხავენ ჰეპატიტის შემთხვევების უეცარ ზრდასა და ვაქცინაციას შორის კავშირსაც, რადგან არცერთ ბავშვს, რომელსაც ჰეპატიტი დაუდგინეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა.

წყარო: ​theconversation.com

შეიძლება დაინტერესდეთ

უსაფრთხოა თუ არა წელს ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება? - რას პასუხობს პედიატრი თემურ მიქელაძე

უსაფრთხოა თუ არა წელს ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება? - რას პასუხობს პედიატრი თემურ მიქელაძე

უსაფრთხოა თუ არა წელს ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება? - აღნიშნულ საკითხზე პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს. 

,,ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რასაც სახელმწიფო გვაწვდის. ამჟამად ზღვის წყალი არის სუფთა და შეიძლება ბანაობა. ახლა ასეთი ინფორმაცია გვაქვს. თუმცა ზღვის წყალზე ინფორმაცია სულ ახლდება და ამას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება. 

პედიატრები მოვუწოდებთ ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ ზღვის სანაპიროზე. კატეგორიულად ვამბობ, რომ სანაპიროზე არსებული სიმინდი, თხილეული, მალფუჭებადი პროდუქტები არ მიიღონ ბავშვებმა. ასევე ხშირად მინახავს, საფენებით მოფენილი სანაპირო. მშობლებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, არ დავაბინძუროთ გარემო, რათა თავიდან ავიცილოთ სეზონური ინფექციები,'' - აღნიშნა პედიატრმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

წაიკითხეთ სრულად