Baby Bag

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

ბოლო თვეების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 2022 წლის იანვრიდან ავადობის 74 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 49 ინგლისში, 13 შოტლანდიაში, 12 კი უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში აღრიცხეს.

ბავშვებში მძიმე, მწვავე ჰეპატიტის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა აშშ-ში, ესპანეთსა და ირლანდიაში.

ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მძიმე შემთხვევების მკვეთრი მატება დიდ ბრიტანეთში. წამყვანი თეორიის მიხედვით, შესაძლოა, გამომწვევი მიზეზი რომელიმე ვირუსული ინფექცია, მათ შორის, კოვიდ-19-ის ვირუსიც იყოს.

ჰეპატიტი ღვიძლის ანთების აღმნიშვნელი სამედიცინო ტერმინია. ანთება ზოგადი იმუნური პასუხია დაზიანებაზე ან ინფექციაზე. ბავშვებში ჰეპატიტის სიმპტომები შემდეგია: მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო შეფერილობის განავალი, კანის სიყვითლე და მაღალი ტემპერატურა.

სათანადო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში ჰეპატიტი განკურნებადია, თუმცა იშვიათ შემთხვევაში პაციენტებს, შესაძლოა, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდეთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვებიდან ექვსს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

ბავშვებში ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. მათ შორის ყველაზე ხშირი გამომწვევია: A, B, C, D და E ჰეპატიტის ვირუსები. იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში ჰეპატიტის გამოწვევა ადენოვირუსსაც შეუძლია.

დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვების შემთხვევაში უჩვეულო ის არის, რომ ჰეპატიტის გამომწვევი მათთან ჰეპატიტის არცერთი ვირუსი არ ყოფილა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შემთხვევების უჩვეულო მატების მიზეზებს აქტიურად იკვლევენ.

ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მატება, შესაძლოა ადენოვირუსით ინფიცირებას გამოეწვია, თუმცა მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, ძალიან იშვიათია. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ჰეპატიტის გამომწვევი, შესაძლოა, კორონავირუსი ყოფილიყო, თუმცა მსგავსი შემთხვევებიც იშვიათობას წარმოადგენს და უმეტესად მძიმედ მოავადე ასაკოვან ადამიანებშია გამოვლენილი. დიდ ბრიტანეთში მძიმე ჰეპატიტით მოავადე ბავშვებს შორის კოვიდი რამოდენიმემ გადაიტანა და არა ყველამ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამორიცხავენ ჰეპატიტის შემთხვევების უეცარ ზრდასა და ვაქცინაციას შორის კავშირსაც, რადგან არცერთ ბავშვს, რომელსაც ჰეპატიტი დაუდგინეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა.

წყარო: ​theconversation.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ - ეს არ არის სწორი

„ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ - ეს არ არის სწორი

ხშირად მესმის თქვენგან, „ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ ეს არ არის სწორი,“ - ამის შესახებ ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში შესახებ წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

„​მინდა გითხრათ, რომ ვირუსული ინფექციის დროს თითქმის ყოველთვის ადგილი აქვს ხახის ჰიპერემიას (გაწითლებას) ეს არის ადგილი, საიდანაც ძირითადად ხდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრა. ხახაში არის ვეგეტაციური ლიმფოიდური რგოლი, ნუშისებრი ჯირკვლები, ეგრეთწოდებული გლანდები, რომლის ზედაპირზეც შეიმჩნევა ლორწოვანის დეფექტი, შეჭრილი უცხო აგენტი ეწებება ლორწოვანს და ეძებს გასაგრძელებელ გზას, ორგანიზმში იწყება პანიკა, მობილიზებას განიცდიან მცველები, იმუნური უჯრედები, რომლებიც გამორბიან იმ უცხო აგენტის შესაცნობად, რათა ბრძოლა გამოუცხადონ მას. სწორედ იმ ლორწოვანის დეფექტის მეშვეობით ხვდებიან ისინი გლანდების ზედაპირზე და ომს უცხადებენ იმ უცხო აგენტს. მათ შორის ხელჩართული ბრძოლის შედეგია სწორედ ის, რომ ნუშისებრი ჯირკვლები (გლანდები) იბერება და წითლდება, ეს არის ადგილობრივი რეაქცია, რაც ტკივილსაც იწვევს. 

არსებობს გლანდების მოცილების კრიტერიუმებიც, თუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ მაინც აქვს ჩირქოვანი ანგინა და ინტოქსიკაციის ნიშნები: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გულის რითმის ცვლილება, სახსრების ტკივილი, შეცვლილი ლაბორატორიული მონაცემები, რასაც თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კვლევებით გამოავლენთ, დადგება საკითხი ტონზილექტომიის აუცილებლობის შესახებ... ასე რომ, ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციის დროს სუსტ ლოკუსს სულაც არ ნიშნავს, იქ ბრძოლა მიმდინარეობს უცხო აგენტთან, რაც პირიქით ამ შემთხვევაში მისასალმებელია... ენდეთ თქვენს ექიმს,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.

წაიკითხეთ სრულად