Baby Bag

„განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, უბრალოდ გადაჭარბებული ყურადღებაა მიპყრობილი ამ ტიპის დაავადებების მიმართ,“- ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, უბრალოდ გადაჭარბებული ყურადღებაა მიპყრობილი ამ ტიპის დაავადებების მიმართ,“- ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ბავშვებში გავრცელებული ვირუსების გამო მშობლების განსაკუთრებული მღელვარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებული არაფერი ხდება:

„ამ ეტაპზე კოვიდი ისევ სახეზეა, გარკვეული შემთხვევები გვაქვს. ამ ინფექციის მთლიანად გვერდზე გადადება და დავიწყება ჯერჯერობით ნაადრევია, მაინც ფრთხილად ვიყოთ. ასევე წარმოდგენილია ჯერ კიდევ გრიპი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სეზონი არ არის. ბევრია ადენოვირუსის შემთხვევები, რომელიც დიარეით მიდის ხშირად, ასევე ე.წ. რინოვირუსები, რომელიც იწვევს ზემო სასუნთქი გზების გამოხატულებას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე ქვეყნდება გრაფიკები, რომელი ვირუსები ცირკულირებს ამჟამად.

რაღაც განსაკუთრებული ახლა არ ხდება, როგორც ამას ბევრი აღიქვამს. თუ ჩვენ ავიღებთ ეპიდემიოლოგიურ ჭრილს და სხვა პერიოდებთან შევადარებთ, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, უბრალოდ გადაჭარბებული ყურადღებაა მიპყრობილი ამ ტიპის დაავადებების მიმართ. თუ ადრე დედა იტყოდა, რომ ჩემი ბავშვი გაცივდა და არაფერი, უბრალოდ სურდო აქვს, ახლა სხვაგვარადაა. შეიძლება ეს გარკვეულწილად კარგი იყოს. ადრე იმის გამო, რომ „უბრალოდ გაციებულია და არაუშავს,“ ბავშვს წაიყვანდა ბაღში, მოზრდილი წავიდოდა სამსახურში, არ მოერიდებოდა სხვებს, ახლა მეტად აღიქვამენ ადამიანები, რომ ეს არის ინფექცია და გადამდებია სხვებისთვის. ეპიდემიოლოგიურად შეიძლება ასეთი გადაჭარბებული ყურადღება და სიფრთხილე კარგი იყოს. მეორეს მხრივ, არის ძალიან დაუსაბუთებელი მღელვარება და შფოთვა ნებისმიერ ყელის წამოტკივებაზე, სურდოზე, თუნდაც მაღალ სიცხეზე. კოვიდმა შეგვაშინა, მარტო ჩვენთან არ ხდება, ეს საყოველთაო პრობლემაა მსოფლიოში,“- მოცემულ საკითხზე მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს?

რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს?
რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს? - ამ თემაზე გაეცანით ექიმ ზაზა თელიას პოსტს.

„​რომელ ხილშია შაქარი მეტი რაოდენობით?

მაღალი შემცველობით:
1. ერთი მანგო - 45 გრამი შაქარი
2. 1 ჭიქა (ანუ 128 გრამი) ყურძენი - 23 გრამი შაქარი
3. 1 ჭიქა ბალი - 18 გრამი შაქარი
4. 1 საშუალო ზომის მსხალი - 17 გრამი შაქარი
5. 1 საშუალო ზომის საზამთროს ნაჭერი - 17 გრამი
6. 1 საშუალო ზომის ბანანი - 14 გრამი შაქარი

დაბალი შემცველობით:
7. 1 ჭიქა მარწყვი - 7 გრამი შაქარი
8. 1 ცალი ავოკადო - 0.5 გრამი შაქარი
9. 1 ჭიქა ჟოლო - 5 გრამი შაქარი
10. ნახევარი, გაჭრილი (64 გრამი) ვაშლი - 5.7 გრამი შაქარი
11. გაჭრილი ფორთოხალი - 8.4 გრამი
12. ნახევარი ჭიქა მაყვალი - 3.5 გრამი შაქარი
13. გაჭრილი კივი - 8.1 გრამი შაქარი

​​RDA-ის მიხედვით დღიური ნახშირწყლების მიღების ნორმა ორივე სქესის, არასპორტსმენი, ჯანმრთელი, ნორმალური წონის (BMI - 18-24.9) ადამიანისთვის არის - 130 გრამი დღეში,“ - წერს ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად