Baby Bag

„შემოდგომა გვიჩვენებს, ვუახლოვდებით პანდემიის დასასრულს, თუ ველოდოთ ახალ ტალღას,“- თენგიზ ცერცვაძე

„შემოდგომა გვიჩვენებს, ვუახლოვდებით პანდემიის დასასრულს, თუ ველოდოთ ახალ ტალღას,“- თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ისაუბრა:

„კოვიდმა საქართველოში პაუზა აიღო და ამას მოჰყვა სიფხიზლის მოდუნება. მსოფლიო სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს მთლად სწორი არ არის. საქართველოში არის ძალიან კარგი ეპიდსიტუაცია, უკეთესი არ შეიძლება. ეს არის დღეში 50-100-მდე ახალი შემთხვევა და სიკვდილობა არის მინიმალურ ნიშნულზე. დღეები გადის, როდესაც არცერთი სიკვდილობა არ ფიქსირდება. პიკიდან მსოფლიოც გამოვიდა და დიდი ტალღები არ არის, მაგრამ გაცილებით მეტი შემთხვევაა, ვიდრე საქართველოში. მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება კოვიდის 500 000-დან მილიონამდე ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება.

ეს პრაქტიკულად მთელს მსოფლიოშია. ისეთ ქვეყნებში მოიმატა სიკვდილობამ და რაოდენობამ, სადაც ტრადიციულად ადრე დაბალი იყო: იაპონია, სამხრეთ კორეა და ა.შ. საქართველოში დაბალ რიცხვებს უკეთეს ვაქცინაციას ვერ დავაბრალებთ. ვაქცინაციით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოცვის ქვეყანა. პირიქით, ვაქცინაციის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, საქართველოში გაცილებით მეტი უნდა იყოს შემთხვევა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ პირიქითაა. ერთი ვარიანტია, რომ რაღაც პერიოდში საქართველოში იყო ძალიან ბევრი კოვიდის შემთხვევა და კოვიდგადატანილებს განუვითარდათ ბუნებრივი იმუნიტეტი. მეორე აზრი სკეპტიკოსებში არ არის პოპულარული, მაგრამ კოვიდის მართვა ბოლო თვეებში ძალიან კარგია. სერიოზული გამოცდილება შეიძინა საქართველომ.

არის იმედი, რომ კოვიდის დასასრული მოახლოვდეს. შემოდგომა გვიჩვენებს, ვუახლოვდებით თუ არა კოვიდის დასასრულს, თუ ველოდოთ ახალ ტალღას. ყველა პანდემიას ჰქონდა თავისი კანონზომიერება. 2-3-4-5 წლის შემდეგ პანდემია თავისით მთავრდებოდა. მოელიან, რომ პანდემიის სრული ლიკვიდირება არ მოხდება, მაგრამ ის გადაიქცევა ენდემურ ვირუსად,“ - მოცემულ საკითხზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად