Baby Bag

„წამოსულია სიმპტომატიკა: წონასწორობის რღვევა, მდგრადობის დარღვევა,“- ლევან რატიანი კოვიდის ახალი ქვეშტამის სიმპტომებზე საუბრობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კოვიდის ახალი ქვეშტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ისაუბრა:

„ბოლო პერიოდში რაც ვნახეთ, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში, ძირითადად ისინი შემოსულები იყვნენ მდგრადობისა და წონასწორობის დარღვევით. ტესტირების შედეგად მათ 80%-ს დაუდასტურდა კოვიდი. წინა პერიოდში თუ კოვიდი მიდიოდა კლინიკური სიმპტომატიკით: ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკის მაგალითზე გვინდა გითხრათ, რომ წამოსულია სიმპტომატიკა: წონასწორობის რღვევა, მდგრადობის დარღვევა და ამის შემდეგ მანიფესტირდება რესპირატორული გამოვლინებები და ინტოქსიკაციები.

ბოლო პერიოდში პაციენტები შემოდიან ჰექტიური ცხელებით. ეს არის 38-ზე მაღალი, 39-მდე ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევებს. ეს გრძელდება 3-4 დღე. დეზინტოქსიკაციის შემთხვევაში პაციენტებს აღნიშნული ჩივილები მალევე ულაგდებათ. სასიკეთოდ მინდა გითხრათ, რომ ჰოსპიტალიზაციის დღეების რიცხვი ბოლო პერიოდში მკვეთრად არის შემცირებული. მანამდე თუ იყო, რომ 8-9-10 დღე სჭირდებოდა დაავადების ლიკვიდაციას, ეს ახლა ნამდვილად არ არის ასე. მესამე-მეოთხე დღეს პაციენტები უკვე მიდიან სახლში. თუ ადამიანს აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები, მათ შესაძლებელია უფრო გახანგრძლივებულად დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია. საბედნიეროდ, ჯანმრთელ ადამიანებში, როგორც კი იწყება კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა, რამოდენიმე დღეში ისინი სრულიად გამოჯანმრთელებულები არიან,“- მოცემულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად