Baby Bag

საჯარო დისკუსია ქალთა ფონდ „სოხუმში“

საჯარო დისკუსია ქალთა ფონდ „სოხუმში“

„ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, საჯარო დისკუსია/კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 180-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის დასავლეთ საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოების, იურიდიული სამსახურების, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, რესურს ცენტრების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ფონდ "სოხუმის" სხვადასხვა პროექტების ქალთა/ახალგაზრდული ჯგუფები და ჟურნალისტები.

რა ინსტრუმენტები და პერსპექტივები აქვს სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის წინააღმდეგ - ამ თემაზე მოხსენებები გააკეთეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოდან ანა ნაცვლიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ანა ფაჩუაშვილმა, სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა ლობჟანიძემ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან ინდირა რობაქიძემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სახელით (NALAG) ნათია ღვინაშვილმა.

ფემიციდის შემაშფოთებელი სტატისტიკიდან გამომდინარე, გამოსვლების ძირითად ნაწილში, მთავარი აქცენტი საერთო განათლების პოლიტიკაზე გაკეთდა, რაც მოზარდისთვის მცირე ასაკიდან „თანასწორობის შესახებ“ მეტი ინფორმაციის სწორად და ინტენსიურად მიწოდებას გულისხმობს. ასევე, გულისხმობს ღია საუბრებს თაობებს შორის გენდერული კულტურის დამკვიდრებაში.

ონლაინკონფერენციის მეორე პანელით შეხვედრის ორგანიზატორებმა, ფემიციდის პრევენციაზე ღია დისკუსიაში დამოუკიდებელი ექსპერტების და სამოქალაქო სექტორის ხედვა და ინიციატივები წარმოადგინეს.

ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე პროფესიული ანალიზით გოგა ხატიაშვილმა, თამარ ლუკავამ, ნანა თოდუამ, ნათია კიკვაძემ და ლინდა ჩიხლაძემ ისაუბრეს, რომელთა სპეციალიზაციაც სწორედ ფემიციდის გამომწვევ მიზეზებზე სკურპულოზური მუშაობაა. დამოუკიდებელი ექსპერტის, გოგა ხატიაშვილის მოსაზრებით - „გამოსავალი ერთია, მოვუსმონით ყველას!“

საჯარო დისკუსიის/კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ყველა იმ ინსტიტუციურ ნაკლზე, რომელსაც ქვეყანა და საზოგადოება სავალალო შედეგამდე მიყავს და სახელმწიფო ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზეც გამოთქვეს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ, რეკომენდაციების ფორმატით შესაბამის სტრუქტურებს მიეწოდება.

ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია/კონფერენცია, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთო პრობლემის მოგვარების გზებზე, ერთ დემოკრატიულ სივრცეში და ერთ ენაზე ილაპარაკოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

R. 


WFS: ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს
„ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს“ - ეს იმ აქციის სახელწოდებაა, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის ფონდ „სოხუმის“ მიერ კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიგეგმა. „Brot für die Welt...

შეიძლება დაინტერესდეთ

ქალთა ფონდი „სოხუმი“ შეურთდა ქალების სოლიდარობის მარშს

ქალთა ფონდი „სოხუმი“ შეურთდა ქალების სოლიდარობის მარშს

8 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩაში გამოვედით ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენი საბაზისო უფლებების გადასარჩენად, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონის მიღება.

ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ. ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა.

არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი - შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია!

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისში გაიმართა ქალთა სოლიდარობის მდუმარე აქცია, წარმომადგენლობა კი თბილისში გამართულ მარშს შეუერთდა.

R. 

წაიკითხეთ სრულად