Baby Bag

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ჩამონდგრევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.

„შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიქმნა.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრის მოადგილემ მასწავლებლები სერტიფიკატებით დააჯილდოვა

განათლების მინისტრის მოადგილემ მასწავლებლები სერტიფიკატებით დააჯილდოვა

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სერტიფიკატები გადასცა და მათ პროექტის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა. დაჯილდოების ცერემონიას მოწვეული სტუმრები როგორც ტრადიციულ, ასევე, დისტანციურ ფორმატში ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მომავალი თაობების აღზრდის პროცესში პედაგოგების როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მასწავლებლებს პანდემიის პირობებში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ინიციატივითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. მის მთავარ მიზანს მოსწავლეების თავისუფალ და დამოუკიდებელ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

პროექტის პირველი ეტაპი 2020 წლის თებერვალში საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. შესაბამისად, დებატების კლუბების გახსა, სუპერვიზირება, მოსწავლეთა მომზადება და საჯარო დებატები, თუ დებატების კონკურსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ონლაინ ფორმატში განხორციელდა.

პროექტის მეორე ეტაპზე თბილისის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლის, აჭარისა და რაჭის რეგიონებში იგეგმება ადგილობრივი პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო სკოლებში დებატკლუბის ქსელის ფორმირება, რის შედეგადაც მასწავლებლები დაეუფლებიან მსოფლიოში პოპულარულ და ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს.

წაიკითხეთ სრულად