Baby Bag

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

რა ძირითად შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობისას და რა შედეგებს იწვევს ისინი - ამის შესახებ ქოუჩი, ირაკლი დალაქიშვილი გადაცემაში ,,შუადღე" საუბრობს. 

,,​როგორც დიდი ადამიანი მუშაობს ერთზე მეტ სამსახურში, ისევეა ბავშვი, რომელიც რამდენიმე წრეზე ერთდროულად დადის და ასეთ დროს გვავიწყდება თამაშის დრო. უკვე ათი წელია, ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ რასაც ბავშვი თამაშით სწავლობს, ვერცერთ წრეზე ვერ ისწავლის. ამიტომ, ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო. ამას ემატება ის, რომ თბილისში აღარ გვაქვს ეზოები, პარკებშიც კი გვიჭირს ბავშვების გაყვანა. ამიტომ, რაღაცნაირად, უნდა ვეცადოთ, რომ მათ არ მოვაკლოთ თამაშის დრო.

ძალიან საყურადღებია ბავშვის შედარება სხვაზე - მე იმას არ ვამბობ, რომ შვილებს მოდელიდან მაგალითი არ უნდა მოვუყვანოთ, მაგრამ, მაგალითად, ასე უნდა ვუთხრათ - ათი ქულა უნდა მიიღო არა იმიტომ, რომ შენმა კლასელმა მიიღო, არამედ იმიტომ, რომ შენ შეგიძლია. შედარების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან მერე ბავშვის მიზანი მუდამ ის არის, რომ ვიღაცას აჯობოს. 

შიში მშობლის მიმართ - ძალიან ხშირია მკაცრი მშობლის მიმართ შიში. რატომ არის ეს ცუდი - შვილს, რომელსაც შესაძლოა, რაიმე პრობლემა შეექმნას, მშობლამდე მისასვლელი გზა აქვს მოჭრილი, ასეთ შემთხვევაში. ბავშვს ეშინია, რომ მშობელი მას გაკიცხავს და როდესაც მას გადასაჭრელი საკითხი აქვს, მშობელთან კი აღარ მიდის, გავა ქუჩაში, თანატოლს ჰკითხავს და მიიღებს არასწორ რჩევას", - აღნიშნავს ირაკლი დალაქიშვილი.


წყარო: ,​,შუადღე"


შეიძლება დაინტერესდეთ

მეცნიერების მტკიცებით, მეორე შვილი უფრო რთული აღსაზრდელია, ვიდრე პირველი

მეცნიერების მტკიცებით, მეორე შვილი უფრო რთული აღსაზრდელია, ვიდრე პირველი

მშობლებს შემჩნეული აქვთ, რომ მეორე ბავშვი პირველ შვილთან შედარებით უფრო მეამბოხე და ცელქია. უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ ოჯახში რიგით მეორე ბავშვი უფრო რთული აღსაზრდელია, ვიდრე პირველი. მეცნიერების მტკიცებით, უმცროსი შვილის სტატუსი ადამიანის ხასიათსა და მის თვისებებზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. მეორე შვილი უფრო რთული აღსაზრდელია, თუ ის ბიჭია.

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოჯახში დაბადებული მეორე ბავშვი სკოლაში უფრო წარუმატებელია, ვიდრე პირველი. ამასთან ზრდასრულ ასაკში კარიერულ წინსვლას რიგით პირველი შვილები უფრო ახერხებენ, ვიდრე მეორეები. კვლევის შედეგები მით უფრო გასაოცარი იყო, რადგან მასში მონაწილე ბავშვები სრულფასოვან ოჯახებში იზრდებოდნენ. მშობლები შვილებს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს აძლევდნენ. კვლევებით ასევე დადგინდა, რომ ოჯახში რიგით მეორე ბავშვს ზრდასრულობის ასაკში კანონთან 40 %-ით უფრო ხშირად ექმნება პრობლემა, ვიდრე პირველს .

ოჯახებში, სადაც პირველი ბავშვი ჯანმრთელი იბადება, მეორეც უმეტესად უპრობლემო ჯანმრთელობით გამოირჩევა. ბავშვებს გონებრივი შესაძლებლობებიც ასბოლუტურად თანაბარი აქვთ. ბავშვებს შორის ხასიათის რადიკალური განსხვავება უმეტესად მშობლების შვილებისადმი არასწორი დამოკიდებულებითაა გამოწვეული.

მშობლები პირველ შვილთან მიმართებაში უფრო ფრთხილები და მკაცრები არიან. ისინი ბავშვისთვის როლურ მოდელებს წარმოადგენენ. ხოლო მეორე შვილისთვის როლური მოდელი უფროსი და ან ძმაა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვია. მშობლები მეორე ბავშვისადმი მეტ ლოიალურობას იჩენენ. მეცნიერები მშობლებს ურჩევენ მეორე შვილისადმი უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ და მასზე პირველი შვილის გავლენა შეამცირონ. ამ გზით ისინი ბავშვს დისციპლინას მიაჩვევენ. ცხადია, თქვენს შვილს უფლება უნდა მისცეთ, რომ ის იყოს, ვინც არის, თუმცა ქცევის კორექცია ზოგჯერ აუცილებელია.

მშობლებმა შვილებს გარკვეული მიმართულება უნდა მისცენ. მნიშვნელობა არ აქვს პირველ ბავშვზეა საუბარი თუ მეორეზე. სერიოზული მეთვალყურეობისა და კონტროლის გარეშე ბავშვი დამოუკიდებლად ვერ განვითარდება.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად