Baby Bag

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

რა ძირითად შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობისას და რა შედეგებს იწვევს ისინი - ამის შესახებ ქოუჩი, ირაკლი დალაქიშვილი გადაცემაში ,,შუადღე" საუბრობს. 

,,​როგორც დიდი ადამიანი მუშაობს ერთზე მეტ სამსახურში, ისევეა ბავშვი, რომელიც რამდენიმე წრეზე ერთდროულად დადის და ასეთ დროს გვავიწყდება თამაშის დრო. უკვე ათი წელია, ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ რასაც ბავშვი თამაშით სწავლობს, ვერცერთ წრეზე ვერ ისწავლის. ამიტომ, ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო. ამას ემატება ის, რომ თბილისში აღარ გვაქვს ეზოები, პარკებშიც კი გვიჭირს ბავშვების გაყვანა. ამიტომ, რაღაცნაირად, უნდა ვეცადოთ, რომ მათ არ მოვაკლოთ თამაშის დრო.

ძალიან საყურადღებია ბავშვის შედარება სხვაზე - მე იმას არ ვამბობ, რომ შვილებს მოდელიდან მაგალითი არ უნდა მოვუყვანოთ, მაგრამ, მაგალითად, ასე უნდა ვუთხრათ - ათი ქულა უნდა მიიღო არა იმიტომ, რომ შენმა კლასელმა მიიღო, არამედ იმიტომ, რომ შენ შეგიძლია. შედარების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან მერე ბავშვის მიზანი მუდამ ის არის, რომ ვიღაცას აჯობოს. 

შიში მშობლის მიმართ - ძალიან ხშირია მკაცრი მშობლის მიმართ შიში. რატომ არის ეს ცუდი - შვილს, რომელსაც შესაძლოა, რაიმე პრობლემა შეექმნას, მშობლამდე მისასვლელი გზა აქვს მოჭრილი, ასეთ შემთხვევაში. ბავშვს ეშინია, რომ მშობელი მას გაკიცხავს და როდესაც მას გადასაჭრელი საკითხი აქვს, მშობელთან კი აღარ მიდის, გავა ქუჩაში, თანატოლს ჰკითხავს და მიიღებს არასწორ რჩევას", - აღნიშნავს ირაკლი დალაქიშვილი.


წყარო: ,​,შუადღე"


შეიძლება დაინტერესდეთ

ყურძნის მარცვალი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

ყურძნის მარცვალი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

ექიმები მშობლებს კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ ყურძნის მარცვლები მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. სამედიცინო დაწესებულებებში ყოველწლიურად არაერთი ბავშვი მიჰყავთ, რომლებიც ყურძნის მირთმევის გამო სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგებიან.

ხუთი წლის ბიჭი სკოლაში ყურძნის მირთმევის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირველადი დახმარება სწრაფად აღმოუჩინეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ბავშვს გულის შეტევა დაემართა. 17 თვის ბიჭი, რომელიც ყურძენს ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევდა, გაიგუდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიკოსებმა სასუნთქი გზებიდან ყურძნის მარცვლის ამოღება მოახერხეს, მაგრამ ის მაინც გარდაიცვალა.

ხუთი წლის ბიჭი პარკში ყოფნისას ყურძენს მიირთმევდა, მას მარცვალი გადასცდა, რის შედეგადაც გონება ორჯერ დაკარგა. საავადმყოფოში გატარებული მძიმე ხუთი დღის შემდეგ ბავშვი, საბედნიეროდ, გადარჩა.

ბავშვების დახრჩობის გამომწვევ მიზეზებს შორის საკვები ერთ-ერთი მოწინავეა. პატარების ნახევარზე მეტი სწორედ საკვების გადაცდენის შედეგად იღუპება. ყურძენი ყველაზე საშიშ საკვებ პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

ყურძენი მისი ზომისა და ფორმის გამო ბავშვის სასუნთქ გზებში მარტივად ხვდება და მას სრულად კეტავს. ყურძენს საკმაოდ გლუვი ზედაპირი აქვს, რის გამოც პირველადი დახმარების ჩატარებისას მისი სასუნთქი გზებიდან ამოტანა ძალიან რთულია. მცირეწლოვანი ბავშვები ყურძნის მირთმევისას უდიდესი საფრთხის წინაშე არიან, რადგან:

  • არ აქვთ კარგად განვითარებული კბილები, რის გამოც საკვების სრულფასოვნად ღეჭვას ვერ ახერხებენ.
  • მათი ყლაპვის რეფლექსი ჯერ კიდევ ვითარდება.
  • ბავშვის სასუნთქი გზები ძალიან ვიწროა.

მშობლებმა მცირეწლოვან ბავშვს ყურძენი შუაზე გაჭრილი ან ოთხ ნაწილად დაჭრილი უნდა მიაწოდონ. ეს პრაქტიკული რჩევა ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ბავშვი დახრჩობისგან დაიცვან.

მომზადებულია ​www.capt.org.uk-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად