Baby Bag

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

რა ძირითად შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობისას და რა შედეგებს იწვევს ისინი - ამის შესახებ ქოუჩი, ირაკლი დალაქიშვილი გადაცემაში ,,შუადღე" საუბრობს. 

,,​როგორც დიდი ადამიანი მუშაობს ერთზე მეტ სამსახურში, ისევეა ბავშვი, რომელიც რამდენიმე წრეზე ერთდროულად დადის და ასეთ დროს გვავიწყდება თამაშის დრო. უკვე ათი წელია, ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ რასაც ბავშვი თამაშით სწავლობს, ვერცერთ წრეზე ვერ ისწავლის. ამიტომ, ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო. ამას ემატება ის, რომ თბილისში აღარ გვაქვს ეზოები, პარკებშიც კი გვიჭირს ბავშვების გაყვანა. ამიტომ, რაღაცნაირად, უნდა ვეცადოთ, რომ მათ არ მოვაკლოთ თამაშის დრო.

ძალიან საყურადღებია ბავშვის შედარება სხვაზე - მე იმას არ ვამბობ, რომ შვილებს მოდელიდან მაგალითი არ უნდა მოვუყვანოთ, მაგრამ, მაგალითად, ასე უნდა ვუთხრათ - ათი ქულა უნდა მიიღო არა იმიტომ, რომ შენმა კლასელმა მიიღო, არამედ იმიტომ, რომ შენ შეგიძლია. შედარების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან მერე ბავშვის მიზანი მუდამ ის არის, რომ ვიღაცას აჯობოს. 

შიში მშობლის მიმართ - ძალიან ხშირია მკაცრი მშობლის მიმართ შიში. რატომ არის ეს ცუდი - შვილს, რომელსაც შესაძლოა, რაიმე პრობლემა შეექმნას, მშობლამდე მისასვლელი გზა აქვს მოჭრილი, ასეთ შემთხვევაში. ბავშვს ეშინია, რომ მშობელი მას გაკიცხავს და როდესაც მას გადასაჭრელი საკითხი აქვს, მშობელთან კი აღარ მიდის, გავა ქუჩაში, თანატოლს ჰკითხავს და მიიღებს არასწორ რჩევას", - აღნიშნავს ირაკლი დალაქიშვილი.


წყარო: ,​,შუადღე"


შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბავშვი ცუდი მჭამელია - 9 რჩევა მშობლებს ევგენი კომაროვსკისგან

თუ ბავშვი ცუდი მჭამელია - 9 რჩევა მშობლებს ევგენი კომაროვსკისგან

უმადობა ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემააა. ხშირად ბავშვის ცუდი კვებითი ჩვევები მშობლის არასწორი ქცევით არის განპირობებული. ექიმი კომაროვსკი მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს, თუ როგორ გააუმჯობესონ შვილების მადა.

1. არ წაუკითხოთ ბავშვებს ლექცია

ბავშვებისთვის ძალიან მოსაწყენია იმის მოსმენა, თუ როგორი მნიშვნელოვანია კვება. ეს იგივეა, რომ შვილებს სუნთქვის მნიშვნელობაზე ესაუბროთ. ბავშვს ძალიან ღლის ნოტაციების მოსმენა. გირჩევთ, მათ ლექციები არასდროს წაუკითხოთ.

2. აუცილებლად შეინარჩუნეთ სიმშვიდე

არასდროს აგრძნობინოთ ბავშვს, რომ მისი უმადობა გაღელვებთ. როდესაც ის პირს არ გიღებთ და კვებაზე უარს აცხადებს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ ბავშვი შეამჩნევს, რომ მისი უჭმელობის გამო ღელავთ, პრობლემა ორმაგი სიმძაფრით გამოვლინდება.

3. არ დააძალოთ ბავშვს საკვების მირთმევა

ბავშვს თუ ჭამა არ უნდა, მას ყვირილით, შანტაჟით ან საჩუქრებით ნუ აიძულებთ, რომ მიირთვას. თუ ბავშვი სურვილის გარეშე ჭამს და მადა არ აქვს, მისი ორგანიზმი მიღებულ საკვებს ნორმალურად ვერ ინელებს, რადგან მას ამის მზაობა არ აქვს, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ბიოლოგიურადაც.

4. არ მისცეთ ბავშვს ხემსი

თუ ბავშვი დილით საუზმობაზე უარს აცხადებს, მას შუადღემდე საკვები საერთოდ არ მისცეთ. თუ ბავშვს ხემსით გაანებივრებთ, მის მადას ვერ გამოაცოცხლებთ. ბავშვმა რომ სრულფასოვნად ისადილოს, მას ხემსი არ მისცეთ.

5. რაციონი ბავშვთან შეათანხმეთ

სანამ ბავშვს საჭმელს მოუმზადეთ, დეტალურად გამოკითხეთ, რომელი ფაფის მირთმევას ისურვებდა: ბრინჯის, შვრიის თუ მანის. თუ ბავშვი გეტყვით, რომ მას შვრიის ფაფა უნდა, მაგრამ მისი მომზადების შემდეგ მირთმევაზე უარს აცხადებს, დემოკრატიული თამაში შეწყვიტეთ. მე არ ვგულისხმობ, რომ ბავშვმა მხოლოდ ის უნდა მიირთვას, რასაც უფროსები ეტყვიან, მაგრამ მას სხვა ადამიანის შრომის პატივისცემა აუცილებლად უნდა ასწავლოთ.

6. ბავშვის საკვები მძიმე არ უნდა იყოს

ბავშვი მსუბუქად უნდა იკვებებოდეს. მას სრულფასოვან კვებებს შორის ზედმეტ ტკბილეულს ნუ მისცემთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი შოკოლადის და კანფეტების მიცემისგან. ამგვარად მის მადას უფრო გააძლიერებთ.

7. ბავშვს ტკბილი მხოლოდ საკვების მიღების მერე უნდა მისცეთ

მადა მხოლოდ მაშინ არის გააქტიურებული, როდესაც სისხლში გლუკოზის შემცველობა დაბალია. არასდროს მისცეთ ბავშვს კანფეტი ან სხვა ტკბილეული საკვების მიღებამდე.

8. დაეხმარეთ ბავშვს, რომ დღის განმავლობაში ბევრი იმოძრაოს

მოძრაობა ენერგიის დაკარგვის და მადის მომატების საუკეთესო საშუალებაა. მაქსიმალურად შეამცირეთ დრო , რომელსაც ბავშვი პლანშეტთან ან კომპიუტერთან ატარებს. მასთან ერთად ხშირად ისეირნეთ ფეხით.

9. გაარკვიეთ, ბავშვს არ უნდა, თუ არ შეუძლია საკვების მიღება

ბავშვს საკვების მიღება თუ არ უნდა, მას ამის გაკეთებას ნუ აიძულებთ. თუ მას გულისრევის შეგრძნება აწუხებს, მუცელი ტკივა ან სხვა ჩივილები აქვს, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს.

მომზადებულია ​moscow.sm-news.ru -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად