Baby Bag

საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება

საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაცია 2019 წლის 12 ივნისს დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება ორ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge 

პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 12 ივნისს 12:00 საათზე და რეგისტრაციას შეძლებენ: 

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე;
6. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები. (როცა ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მხოლოდ ერთი მშობელი)

განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათზე და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში. 

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის. 

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

დღეს, ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაციაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის სიტყვით გამოსვლისას, ბანერი ჩამოვარდა. 

ინციდენტის შედეგად მინისტრის მოადგილე არ დაშავებულა. ჩამოვარდნილი ბანერი, რომელზეც მომავალი კამპუსის შენობა იყო გამოსახული, პრეზენტაციის მონაწილეებმა გაასწორეს.

ირინა აბულაძემ ინციდენტი წარმატების ნიშნად მიიჩნია. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მინისტრის მოადგილე ტრიბუნასთან დაბრუნდა და თქვა:

„ეს მივიღოთ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ, გვიგულეთ თქვენ გვერდით“, - განაცხადა მან.

წაიკითხეთ სრულად