Baby Bag

ყველაფერი, რაც 2019 წლის გამოცდებზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც 2019 წლის გამოცდებზე უნდა ვიცოდეთ

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი, ფიზიკის გამოცდით დასრულდება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია“,  - განაცხადა სოფო გორგოძემ.

ცნობისთვის, 2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის - 12000-მდე კანდიდატი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას კი, 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

რაც შეეხება მასწავლებლის ჯილდოს აღების მსურველებს, როგორც სოფო გორგოძემ განაცხადა, 800-მა პენსიონერმა პედაგოგმა გამოცდაზე გასვლაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უარი განაცხადა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, რის გამოც, ისინი რეგისტრაციიდან მოხსნეს.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აპლიკანტები ელექტრონულად პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, პროგრამებს, ნახულობს შედეგებს) შეძლებენ. ბარათზე დატანილი იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და რეგისტრაციის დაწყების დრო. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და „ფეისბუქ გვერდზე“ გამოქვეყნდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნებიდან ისტორიას ყველაზე მეტი – 12500-მდე აბიტურიენტი აბარებს.

2019 წლის მთავარი სიახლეა, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

შეიძლება დაინტერესდეთ

პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ

პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ
  • პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის ვერ მოიპოვეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, არ უწყდებათ სკოლასთან დადებული ხელშეკრულება, თუ ამის სურვილს არ გამოხატავს თავად მასწავლებელი და არ გაფორმდება შეთანხმება სკოლასა და მასწავლებელს შორის.
  • პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს უფლება დაასრულოს 2019-2020 სასწავლო წელი, ასევე ისარგებლოს ზაფხულის საშვებულებო პერიოდით.
  • სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, დადგენილი წესით ანაწილებს საათებს, საჭიროების შემთხვევაში აცხადებს კონკურსს. ამ შემთხვევაში, სკოლა ქმნის საკონკურსო კომისიას და განიხილავს იმ კანდიდატურებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზოგადი განათლების შესახებ კანონით მასწავლებლებისთვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს. გადაწყვეტილებას კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იღებს სკოლა. სკოლა უფლებამოსილია კონკურსების შედეგებიდან გამომდინარე განიხილოს პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლებისთვის, ვინც ვერ მოასწრო ან გამოცდების აპელაციის შედეგების შემდგომ გადაწყვიტა ჯილდოზე რეგისტრაცია, ეს შესაძლებლობა ბოლოჯერ გაიხსნება 2019 წლის 19 დეკემბრიდან და გასტანს 31 დეკემბრამდე, ხოლო ჯილდოს გაცემა მოხდება 2020 წლის იანვრის ბოლოს.


აღნიშნული ინფორმაცია პედაგოგებს საჯარო სკოლებში აცნობეს.


წაიკითხეთ სრულად