Baby Bag

2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული

2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.

აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.

ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:

  • 62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)
  • 32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი;
  • 4 შემთხვევაში - მეზობელი;
  • 3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი;
  • 2 შემთხვევაში - ნათესავი;
  • 2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
  • 2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური;
  • 1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია;
  • 1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური;
  • 1 შემთხვევაში - სხვა პირი.


​შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანთა ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის ერთ-ერთი მიზანიც გამოძიების მიმდინარეობისას ბავშვთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესში გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვინც ფიქრობს, რომ პატარა ასაკში ბავშვის გაჩენა ნორმალურია, მათ გასაგონად: ეს ყველაზე რთული რამ არის რაც შეიძლება ცხოვრებამ გარგუნოთ,“ - თიკა ჯამბურია

„ვინც ფიქრობს, რომ პატარა ასაკში ბავშვის გაჩენა ნორმალურია, მათ გასაგონად: ეს ყველაზე რთული რამ არის რაც შეიძლება ცხოვრებამ გარგუნოთ,“ - თიკა ჯამბურია

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადრეულ ასაკში შვილის გაჩენის სირთულეებსა და დედობით გამოწვეული უდიდესი ბედნიერების შესახებ ისაუბრა:

„როდესაც ნინას დედა გავხდი 19 წლის ვიყავი …. მაშინ რა თქმა უნდა ვერ ვაცნობიერებდი რამხელა ცხოვრებისეულ გამოწვევას ვეჭიდებოდი , რადგან ირგვლივ ბევრი ადამიანის იმედი მქონდა და ჩემი ძალიან პატარა ასაკიდან გამომდინარე ძალიან მარტივად ვუყურებდი ყველაფერს . გულწრფელად გეუბნებით ყველას,ვინც ფიქრობს, რომ პატარა ასაკში ბავშვის გაჩენა ნორმალურია მათ გასაგონად! ეს ყველაზე რთული რამ არის რაც შეიძლება ცხოვრებამ გარგუნოთ და ამავ დროულად ყველაზე დიდი ბედნიერებაა,რაც შეიძლება ცხოვრების განმავლობაში შეიგრძნოთ …

ამ ხნის მანძილზე ვაკვირდები და ვხვდები,რაც უფრო მემატება წლები,მით უფრო ვხდები ნინას დედა … და თითოეულ იმ დაკარგულ წამს ვნანობ,რაც მასთან ერთად არ გამიტარებია … მაგრამ პატარა ასაკში ამას ვერ გააკონტროლებ იმიტომ , რომ შენც გინდა მეგობრებთან ერთად გათენება და გართობა , ამას კი მოყვება ის სინანული,რასაც დროის დაკარგვა ჰქვია …

მოკლედ ამხელა ტექსტი იმისთვის დავწერე , რომ მინდოდა მეთქვა ახლა ყველაზე მეტად ჩემი ცხოვრების მანძილზე ვგრძნობ,რომ ვარ დედა , ვაცნობიერებ,რომ ეს სილამაზე და საოცრება ჩემი შვილია , რომ ჩემი პასუხისმგებლობაა ნინა დადგეს კარგი ადამიანი , იყოს კეთილი და აკეთოს კარგი საქმე , ამას გაცნობიერებას კი აუცილებლად ჩამოყალიბებული აზროვნება და გამოცდილება სჭირდება …

ვინც იცნობს ნინას,იციან,რომ საოცარი გოგოა და მინდა გითხრათ,რომ ნამდვილად ბედნიერებაა მისი დედობა,“- აღნიშნა თიკა ჯამბურიამ.

წაიკითხეთ სრულად