Baby Bag

2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული

2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.

აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.

ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:

  • 62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)
  • 32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი;
  • 4 შემთხვევაში - მეზობელი;
  • 3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი;
  • 2 შემთხვევაში - ნათესავი;
  • 2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
  • 2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური;
  • 1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია;
  • 1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური;
  • 1 შემთხვევაში - სხვა პირი.


​შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანთა ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის ერთ-ერთი მიზანიც გამოძიების მიმდინარეობისას ბავშვთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესში გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს მორჩილი ადამიანის შექმნა, შიშით აღზრდილი ადამიანი ძვირი უჯდება საზოგადოების კეთილდღეობას,“ - ნინო გოგიჩაძე

ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვის დაშინების და მისდამი ძალადობრივი ქმედების გამოყენების შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ბავშვთან მსგავსი მიდგომის გამოყენება არაეფექტიანი და საზიანოა:

„ძალადობრივ ქმედებას არ მივყავართ ბავშვის კეთილდღეობამდე. არცერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ შიშით შექმნილა სიყვარული. რატომ დასჭირდა საზოგადოებას იმაზე საუბარი, რომ შიში შეიქმს სიყვარულს, ეს ძალიან საინტერესო თემაა. თუ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ და იმ ღირებულებაზე, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფო, შიში არის მართვის ერთ-ერთი ბერკეტი. თუ სახელმწიფო ორიენტირებულია, რომ შიშით მართოს თავისი მოქალაქეები, ძალიან ადვილია, რომ ეს მოდელი გადაიღოს ოჯახმა. შიში შეიქმს მორჩილებას, შიში ადამიანს ასწავლის, როგორ შეასრულოს დავალებები, როგორ დაუჯეროს იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება. ოჯახი არის სისტემა. დედას ან მამას აქვს ძალაუფლება, ამასთან აქვს ის, რაც სჭირდება ბავშვს. თუ მშობელი მოითხოვს შიშსა და მორჩილებას, ამის სანაცვლოდ კი ბავშვს შეუძლია მიიღოს ბანანი, ნაყინი, გასეირნება, ის მოერგება ამ სისტემას. ბავშვი მშობელს აჩვენებს: „კი, დედიკო, მიყვარხარ. ოღონდ შენ არ მიყვირო და მე ვიმეცადინებ!“ სად მივდივართ აქედან? ჩვენ ვთვლით, რომ შიში არის ის, რაც გვიმარტივებს პრობლემის მოგვარებას, ბავშვს ვეტყვით რამეს და ისიც აკეთებს. ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის სიყვარული.“

ნინო გოგიჩაძის თქმით, მშობლები მიზნად არ უნდა ისახავდნენ მორჩილი ადამიანის შექმნას:

„თუ ჩვენ გვინდა, რომ თვითონ გააკეთოს, თვითონ იპოვოს გზები, თვითონ იყოს შემოქმედი ადამიანი, უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მორჩილი ადამიანის შექმნა. ასეთი შიშით აღზრდილი ადამიანი საბოლოო ჯამში უფრო ძვირი უჯდება საზოგადოების კეთილდღეობას. ასეთ ადამიანს აქვს სომატური ჩივილები, ფსიქოლოგიური პრობლემები, ნაკლებად ეფექტიანია. თუ ოჯახი ამბობს, რომ მე ვარ ის, ვინც ცდილობს ბავშვს შეუქმნას კეთილსაიმედო გარემო, რათა მან შეძლოს გააკეთოს ის, რაც მისთვის სასიამოვნოა, რაც მას რეალიზების შესაძლებლობას მისცემს, მაშინ აქ შიშის მონაწილეობა ნაკლებია.“

„შიში ძალიან ძლიერი ფაქტორია. ის ძლიერი მოტივატორია. შიში ემოციაა, რომელიც გადარჩენასთან არის დაკავშირებული. მე რაღაც უნდა მოვიმოქმედო, რომ ეს შიში შევამცირო, დავძლიო, გადავლახო, ან საპასუხოდ ვიმოქმედო. არიან ბავშვები, რომლებიც ახერხებენ, რომ შიშის საპასუხოდ იმოქმედონ. ისინი არღვევენ იმ წნეხს, რომელიც ძალადობრივ ოჯახში სუფევს. ასე ის ბავშვები იქცევიან, რომლებსაც ჰყავთ საიმედო მეწყვილე ოჯახის შიგნით, დედა, და-ძმა, ბებია. მსგავსი პოზიტიური მხარდამჭერი, შეიძლება ოჯახის სისტემას ბრძოლას არ უცხადებდეს, მაგრამ აგულიანებდეს ბავშვს. ბავშვისთვის ეს დამცავი ფაქტორია. ბავშვს ეს აძლევს ძალას, რომ მან თქვას: „მე ასეთი ურთიერთობა არ მომწონს. მე არ მინდა, რომ მსჯიდნენ." ბავშვი ახერხებს, რომ თავისი თავი დაიმკვიდროს,“ -აცხადებს ნინო გოგიჩაძე.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად