Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაძინებამდე ლოგინში გატარებული დრო სასურველია, არ აღემატებოდეს ნახევარ საათს,“- ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

„დაძინებამდე ლოგინში გატარებული დრო სასურველია, არ აღემატებოდეს ნახევარ საათს,“- ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ბავშვის მარტივად ჩაძინებისთვის საჭირო წესების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ყოველდღიური აქტივობის ნებისმიერი დეტალი, ბანალური ფიზიკური თამაშებიდან დაწყებული ციფრული ტექნოლოგიებით დამთავრებული, რომელიც ძალიან გვიშლის ხელს ძილის ნორმალურ რეჟიმში, ყველაფერმა ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს რეჟიმის დარღვევაზე. სასურველია, რომ ძილის წინ შევზღუდოთ ფიზიკური აქტივობა, ველოსიპედი, ბურთით თამაში, დაჭერობანა, დამალობანა არ არის სასარგებლო ძილის წინ.“

თამარ ედიბერიძის თქმით, ძილის წინ ინტენსიური ემოციები საჭირო არ არის:

​ძილის წინ სასარგებლო არ არის ინტენსიური ემოციები. ახალი სათამაშო, სიურპრიზები მაქსიმალურად შევინახოთ გაღვიძებისთვის. დღის პირველ ნახევარში შეგვიძლია ყირაზე გადავიდეთ, მაქსიმალურად დავხარჯოთ ენერგია, მაგრამ დაძინებამდე ორი საათით ადრე ინტენსიურად ხტუნვა, სირბილი, ჰაერში აბურთავება არ უნდა იყოს. ჩავუწიოთ ტელევიზორის ხმას, ან გამოვრთოთ. პლასტელინი, ძერწვა, ხატვა, გაფერადება ძალიან სასარგებლო აქტივობებია ძილის წინ ჩასატარებლად. ვიწყებთ სიმბოლურად თოჯინების დაძინებას, სათამაშოების ალაგებას, იმიტომ, რომ დათუნიებმა უნდა დაიძინონ.“

„საწოლში რომ განვმარტოვდებით ბავშვთან ერთად, რომელიმე მისთვის ნაცნობი ზღაპარი, ერთი-ორი-სამიც შეიძლება. დაძინებამდე ლოგინში გატარებული დრო სასურველია, არ აღემატებოდეს ნახევარ საათს. 20 წუთი არის ყველაზე ოპტიმალური,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად