Baby Bag

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის სამედიცინო უნივერსიტეტში ქრთამი აიღეს

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის სამედიცინო უნივერსიტეტში ქრთამი აიღეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ​ავრცელებს

სუსის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

„გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს,“ - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

წაიკითხეთ სრულად