Baby Bag

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის სამედიცინო უნივერსიტეტში ქრთამი აიღეს

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის სამედიცინო უნივერსიტეტში ქრთამი აიღეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ​ავრცელებს

სუსის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

„გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს,“ - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ პაციენტებისთვის მონოკლონური ანტისხეულების ადმინისტრირება დაავადების ადრეულ ეტაპზე მოხდება,“ - თამარ გაბუნია საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობის დაწყების შესახებ საუბრობს

„ამ პაციენტებისთვის მონოკლონური ანტისხეულების ადმინისტრირება დაავადების ადრეულ ეტაპზე მოხდება,“ - თამარ გაბუნია საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობის დაწყების შესახებ საუბრობს

ჯანდაცვის მინიტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პროტოკოლის შესახებ ისაუბრა:

„იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან. მონოკლონური ანტისხეულები ასევე მივიღეთ ამერიკის მხარისგან. უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ მათი გამოყენებაც დაიწყოს.“

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში ორი განსხვავებული მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი გვაქვს:

„ორი განსხვავებული მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი არის დღეს ხელმისაწვდომი ქვეყანაში. ერთ-ერთი არის ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის. კლინიკები, რომლებიც ჩართულია კოვიდის მართვაში, მიიღებენ პრეპარატს. გაწერილია დეტალური მოხმარების ინსტრუქცია. ძირითადად ეს არიან პაციენტები, რომლებსაც პროგნოზულად აქვთ დამძიმების უფრო მაღალი რისკი, მაგალითად, 65 წელზე მეტი ასაკის პირები, პირები, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია და ასევე, საყურადღებოა მათი მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის მომენტში.“

„მონოკლონური ანტისხეულების მეორე ჯგუფი ნაჩვენებია შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე. ძირითადად ეს იქნება პაციენტი, რომელსაც, შესაძლოა, სჭირდებოდეს მკურნალობა კოვიდ სასტუმროში ან მსუბუქი პაციენტი, ვინც შეიძლება იყოს ბინაზე. ოჯახის ექიმები გააკეთებენ იმ პაციენტების იდენტიფიცირებას, რომლებსაც ასაკის ან თანმხლები დაავადებების მაღალი აქვს დამძიმების რისკი. ამ პაციენტებისთვის მონოკლონური ანტისხეულების ადმინისტრირება დაავადების ადრეულ ეტაპზე მოხდება, ვიდრე იქნება მძიმე სურათი გამოხატული. გერმანია დიდი ხანია იყენებდა მონოკლონურ ანტისხეულებს. გამოცდილება არის ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც. მონოკლონურმა ანტისხეულებმა უჩვენეს ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების, მძიმე ფორმის ჩამოყალიბებისა და სიკვდილობის შემცირების მაღალი პოტენციალი,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო:  ​ტელეკომპანია „მაესტრო“

წაიკითხეთ სრულად