Baby Bag

ბათუმში ცურვა აიკრძალა

ბათუმში ცურვა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო განცხადებას ავრცელებს. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

სულ დაფიქსირდა 45 შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს დროული რეაგირება.

ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა.

უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თვემდე ასაკის ბავშვი ბრიტანული „ალფა“ შტამით იყო ინფიცირებული და ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად.

„სამწუხაროდ, კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ინფიცირებული იყო „ალფა“ ბრიტანული შტამით, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩართული იყო სამედიცინო პერსონალი, არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის, არამედ ქვეყნის სამედიცინო ბორდი, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. კლინიკაში პაციენტი შემოვიდა ხუთი დღის ასაკში. მალევე მოხდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ჩამოყალიბება, მოხდა გადაყვანა მართვით სუნთქვაზე. საკმაოდ ხისტი პარამეტრებით, ძნელად ემორჩილებოდა მკურნალობას“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

წაიკითხეთ სრულად