არასამთავრობო ორგანიზაცია
მომხმარებელი.ჯი-ს
ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე პარფიუმერიის 5 ნიმუშში პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.
კვლევის ავტორების თანახმად, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები შეიძინეს და საფრანგეთის ლაბორატორიაში გააგზავნეს (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).
ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.
„პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.
დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.
პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევის ავტორების თანახმად,
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
„ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს,“ - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა შემდეგ პროდუქციაში:
ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy,
თმის საღებავი CLAIROL
,
თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline,
ფრჩხილის ლაქი Olivia
.