ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს. ,,არ არსებობს მსგავსი ადგილი დედამიწაზე, როგორიც საქართველოა“, - ამ სიტყვებით იწყება სტატია „Off the beaten track in Georgia“ საქართველოს შესახებ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს, ეს არის ქვეყანა მდიდარი კულტურითა და მრავალფეროვანი ბუნებით.
აარონ ჰუი სტატიას სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებით იწყებს. ჟურნალისტი სვანეთის უძველეს სოფლებს, შუასაუკუნოვან კოშკებს, ველურ ბუნებასა და სვანურ სამზარეულოს აღწერს.
„კავკასიონის მწვერვალებიდან შეგიძლიათ მარტვილის კანიონი იპოვოთ, აქ ნავით მწვანე ფერის წყალში კლდოვან ნაპირებს შორის გაისეირნებთ, ეს ადგილი დაკიდულ ბაღებს ჰგავს. აქ ჩანჩქერები ლურჯ და მწვანე ფერებად ჩამოედინება“, - წერს ჟურნალისტი.
სტატიაში აარონ ჰუი გურიასაც აღწერს. ჟურნალისტი მკითხველს ჩოხატაურსა და ბახმაროში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს.
National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, ქვევრს, 8 ათასწლოვან ისტორიას, მომზადების წესებს.
სტატიის ბოლოს აარონ ჰუი საქართველოს დედაქალაქს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, თბილისი ყოველთვის იყო კულტურის ცენტრი, ეს ქალაქი გამორჩეულია რელიგიების, ეთნიკური ჯგუფების სიმრავლით. ჟურნალისტი აღწერს თბილისის ძველ უბნებს, არქიტექტურას და ქალაქის ღამის ცხოვრებას.
სტატიის ბოლოს კი მკითხველს რჩევას აძლევს: „როდესაც საქართველოში ჩახვალთ, თავგადასავლებს ელოდეთ, არ იჩქაროთ, აქ მოხვდებით ფესტივალებზე, დააგემოვნებთ ქართულ კერძებს. იყავით მზად, რომ შეიძლება ადგილობრივებმა სიმღერა გასწავლონ. რაც არ უნდა მორცხვი იყოთ, მაინც იცეკვეთ, თუ უკან მოიხედავთ, დაინაახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა!“ - წერს National Geographic-ის ჟურნალისტი.