Baby Bag

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

მწერალი და  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე საქართველოში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის უმ­ძი­მეს შე­დე­გებს სოციალური ქსელით ეხ­მიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

წლების წინ ერთი კარგი თანამშრომელი გვყავდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ცხადია, ის ბიჭი ახლაც კარგი ბიჭია, უბრალოდ ჩვენთან აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ყველამ ერთად გამოვცადეთ, რას უშვება ადამიანს ეს დიდი და საშინელი მიჯაჭვულობა - აზარტული თამაშების მონობა ანუ ლუდომანია. დავინახეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, უწყინარმა გართობამ, სხვა მხრივ, სრულიად ჯანსაღი ადამიანი. დავინახეთ, რომ უკვე რაღაც რელიგიასთან გათანაბრებულ ექსტაზს დაემსგავსა ეს გზა - სხვები, უბრალოდ აღარ ვარსებობდით და თუ ვარსებობდით, ამ ყველაფრის დროებით ინსტრუმენტად - 100 ლარის მსესხებლად. არასდროს ვიტყვი, არც ამ ადამიანის სახელს და არც იმას - სად მივიდა მისი ,,ფანტაზია". არ ვიტყვი, მათ შორის იმიტომაც, რომ მგონია - მას აქვს უკან დაბრუნების შანსი - ცხოვრებაში და ბიბლიოთეკაშიც.

ცხადად მესმის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა იქამდე, სანამ სხვას არ აზარალებს. ზოგადი დათქმით და უჩარჩოო ფიქრითაც ასეა - უნდა მოწევს, უნდა თავს მოიკლავს და უნდა ითამაშებს.

მაგრამ კიდევ უფრო ცხადად მესმის და მჯერა, რომ ჩვენ - სხვა დანარჩენი ადამიანები თანაგრძნობის არსებები უნდა ვიყოთ. უნდა ვეცადოთ და იმ სივრცეში, სადაც ჩვენი ხმა ფასობს, უარი ვუთხრათ ამ მოუთოკავ სენს. ვიცით, რომ ვერ დავამარცხებთ და სულ იარსებებს, მაგრამ მანძილს მაინც შევუზღუდავთ.

ოპერატორი სანდროს ამბავი დიდ გაფრთხილებად უნდა იქცეს. თუ რამე არ ვარ, მორალისტი და მორალიზმით დაავადებული. არც იმას ვკიცხავ, ვინც თვეში ორჯერ ტოტალიზატორში 10 ლარს დებს და შეიძლება მოგებული ოცი ლარით, დამატებით პროდუქტს ყიდულობს. მაგრამ იქ, სადაც ადამიანები თავს კარგავენ, სადაც სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება ღონისძიებები, სადაც მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამასაც მოკრავთ თვალს. ჩვენ, ამიერიდან, გადავწყვიტეთ და ამგვარ ბანერებს აღარ განვათავსებთ. ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთიც, ვინმე მწყურვალს დახრჩობას აარიდებს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ბავშვების 99 პროცენტი ამბობს, რომ ვერ იტანს ფიზიკას, ეს ხომ პედაგოგის ბრალია...

საქართველოში ბავშვების 99 პროცენტი ამბობს, რომ ვერ იტანს ფიზიკას, ეს ხომ პედაგოგის ბრალია...
„კითხვის დაძალება დიდი შეცდომაა.

თუ ადამიანს წიგნის კითხვა არ ვუქციეთ სიამოვნებად, ეს მისთვის გახდება სავალდებულო. თქვენი საყვარელი წიგნი ყოველთვის პასუხობს თქვენს რაღაც შეკითხვას. თუ თქვენ თქვენი თავი, გრძნობა, შეკითხვა ვერ აღმოაჩინეთ, თვითიდენტიფიკაცია ვერ გააკეთეთ, წიგნი არ მოგეწონებათ. ერთ პატარა საყვარელ ბიჭს, რომელიც სულ ნაგვით გამოტენილი ჯიბეებით დადიოდა, ვეუბნებოდი, რომ შენ ხარ ნამდვილი ტომ სოიერი. ბოლოს მკითხა, ვინ არის ეს ტომ სოიერი, რატომ ვარ ტომ სოიერიო. დიდი სიხარულით წაიკითხა ტომ სოიერი, რადგან იქ ეძებდა თავის თავს. ასევე ერთი გოგონა, რომელიც ისეთი ძლიერი და ღონიერი იყო, რომ ხელში მწევდა, იმას ვეუბნებოდი, რომ ნამდვილი პეპი ხარ თქო. ვცდილობდი, რომ მათ ეპოვნათ იმ წიგნში რაღაც მნიშვნელოვანი. მთავარია, არ მოხდეს დაძალება და მოხდეს დაინტერესება.

საქართველოში ბავშვების 99 პროცენტი ამბობს, რომ ვერ იტანს ფიზიკას, ეს ხომ პედაგოგის ბრალია. ამ დროს ეს არის საგანი, რომელიც ყველაფრის პასუხს გაძლევს, უცებ აღმოჩნდება, რომ არც ერთ ბავშვს ის არ აინტერესებს. მერე მშვენივრად ჩაუჯდებიან ხოლმე „დისქავერის“ გადაცემას და უყურებენ ასტროფიზიკაზე გადაცემას. მე შაყირით მაქვს ნასწავლი რაღაცები, რაც არ მომწონდა. აი რაც მომწონდა, ის უფრო დამავიწყდა და რაც „ღადაობით” ვისწავლე, ის უფრო მიყვარს. ანუ თუ ბავშვს რაღაც არ მოსწონს, ჯობს ასოციაციური კავშირი გავაბათ მხიარულებასთან.“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

​​
წყარო: აზროვნების აკადემია
წაიკითხეთ სრულად