Baby Bag

დიდი ბრიტანეთის სკოლებში მოსწავლეებს ჰიგიენურ საშუალებებს უფასოდ დაურიგებენ

დიდი ბრიტანეთის სკოლებში მოსწავლეებს ჰიგიენურ საშუალებებს უფასოდ დაურიგებენ
შოტლანდიის, უელსისა და ინგლისის ტერიტორიებზე მდებარე სკოლებში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს ჰიგიენურ საშუალებებს უფასოდ დაურიგებენ. სახელმწიფო დაფინანსებით მოსარგებლე დაწყებით და საშუალო სკოლებს, ასევე კოლეჯებს, განათლების სამინისტროსა და ერთ-ერთი ბრიტანული სამედიცინო გაერთიანების ერთობლივი ძალისხმევით ჰიგიენური საშუალებების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. აღნიშნული კამპანიის უმთავრეს მიზანს მოსწავლეების მატერიალური მხარდაჭერა წარმოადგენს. კამპანიის ორგანიზატორების თქმით, სიღარიბემ ბავშვებს განათლების მიღებაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

„მოსწავლე გოგონების დიდ ნაწილს მენსტრუალური ციკლის გამო სკოლის გაცდენა ხშირად უხდება, რადგან მათ ჰიგიენური საშუალებების შესაძენად თანხები არ ჰყოფნით. სიდუხჭირე მოსწავლეებისთვის შემაფერხებელ ფაქტორად არ უნდა იქცეს. უსახსრობის გამო ბავშვები სკოლაში სიარულზე უარს არ უნდა ამბობდნენ. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მოსწავლეები ჰიგიენური საშუალებების დეფიციტის გამო საგაკვეთილო პროცესს არ ჩამოშორდებიან.“ - განაცხადა ახალი კამპანიის ინიციატორმა ამიკა ჯორჯმა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


ამიკა ჯორჯი სკოლებს უფასო ჰიგიენური საშუალებებით 2017 წლიდან ამარაგებს. ახალი კამპანიის ორგანიზატორები მოსწავლეებს გულახდილობისკენ მოუწოდებენ. მათ უმთავრეს მიზანს ბავშვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება წარმოადგენს. მოსწავლეებმა საკუთარი საჭიროებების შესახებ ღიად და დაუფარავად უნდა ისაუბრონ. კამპანიის ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ მოსწავლეებს ყველა იმ პროდუქტს უფასოდ მიაწვდიან, რომელსაც ისინი მოითხოვენ.

„ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტები ყველა მოსწავლისთვის არის განკუთვნილი. არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით არ აქვს ამა თუ იმ მოსწავლეს წვდომა ჰიგიენურ პროდუქტებზე. ჩვენი მიზანია, რომ მათ დავეხმაროთ.“ - განაცხადა კამპანიის თანადამფუძნებელმა ქლეგ ბამბერმა.

კამპანიის ორგანიზატორების წამოწყებას ლტოლვილთა მატერიალური ხელშეწყობის პროგრამების წარმომადგენლებიც უერთდებიან და თვლიან, რომ აღნიშნული წამოწყება მისასალმებელია. ახალი ინიციატივა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა დახმარებასაც ისახავს მიზნად. კამპანიის ორგანიზატორთა განცხადებით, ჰიგიენური საშუალებები სიღარიბეში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მომზადებულია ​positive.news-ის მიხედვით 
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით, ოჯახში ასე გვაქვს მიღებული,“- მადონა კოიძე

გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ბავშვობიდან არასდროს დაულევია სხვისი ჭიქიდან:

„ქუთაისში ბებიას და ბაბუას სახლთან ახლოს იყო ბაღი. იქიდან წამიყვანეს წაღვერში. თვალწინ მაქვს ვარდისფერი, კოპლებიანი ჩითის პერანგი და უზარმაზარი რიგი გოგონების. იქ იყო ერთი სივრცე, სადაც საღამოს გვბანდნენ. ეს ახლაც კი კოშმარად მახსენდება. ეს ჩემთვის იყო მიუღებელი და სტრესული. ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით. საერთოდ ოჯახში ასე გვაქვს მიღებული. „მაკბეჩინე, მომიტეხე“- ჩემთვის ეს არ არსებობს. ბავშვობიდან არასდროს არ მქონია ეს. ჩემი შვილიშვილებიც ასეთები არიან.

ყველას ბებიებს და დედებს ვუყვარდი ძალიან. ყველასთვის ვიყავი მაგალითი. ამ დროს ვიყავი ჩუმჩუმელა. შემეძლო დაგეგმვა, ყველაფრის მოფიქრება. მერე ამას უკვე სხვები ახორციელებდნენ. მეც ვერთვებოდი ამაში. დაგეგმვით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბავშვობიდან ვიყავი ყურადღების მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვმღეროდი, მეზობლებს შევკრებდი და ვაკეთებდი კონცერტს, ბავშვებს ვიყოლიებდი და იყო ძალიან სახალისო. მიყვარდა ორგანიზებული თამაშები. ვგიჟდებოდი ქალაქობანაზე და ინტელექტუალურ თამაშებზე,“- მოცემულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

წაიკითხეთ სრულად