Baby Bag

უახლესი ინფორმაცია გუდაურიდან თბილისში გადმოყვანილ ჩინელ ტურისტებზე, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ

უახლესი ინფორმაცია გუდაურიდან თბილისში გადმოყვანილ ჩინელ ტურისტებზე, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ

გუდაურიდან თბილისში გადმოყვანილ ჩინელ ტურისტებს წინასწარი მონაცემებით სავარაუდოდ, კორონავირუსი არ ექნებათ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა ასევე ერთმა ქართველმა მამაკაცმა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

დღეს იყო ორი ასეთი შემთხვევა: ერთი - მოგვმართა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა საქართველოში. მან მოგვმართა ტემპერატურის მომატებით, ის თავისი ფეხით მოვიდა და ახლა მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში. რაც შეეხება ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის 9 მოქალაქეს, ისინიც აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. რამდენადაც ვიცი, 21 იანვარს გამოფრინდნენ იქიდან. მათგან ორს - ბავშვებს, ტყუპებს, აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება. ისინი მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩავუტარებთ პროტოკოლით გათვალისწინებულ გამოკვლევებს. გავერკვევით, ამ ბავშვებს აქვთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია თუ ეს არის ჩვეულებრივი რესპორატორული ინფექცია,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში პრევენციისთვის გადაიყვანეს და მათ კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნებათ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად