Baby Bag

ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდათ, არავითარ კორონოვირუსზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

არასრულწლოვნებს, რომლებიც ოჯახთან ერთად მოგზაურობდნენ და იყვნენ ყაზბეგში, ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და რესპირატორული მოვლენების მცირე გამოვლინება. ამის გამო მიზანშეწონილად ჩაითვალა კონსულტაცია და შემდგომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი ოჯახთან ერთად გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ინფექციური საავადმყოფოდან გვაქვს ინფორმაცია, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ამ ბავშვებთან დადგინდა „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ არავითარ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ნიმუშები ე.წ. მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.

ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.

მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.

დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.

მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თქვენ ხართ გმირები!

მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!

კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!

დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”


წაიკითხეთ სრულად