Baby Bag

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

​„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს,“ - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არანაირი პრობლემა არ არის, რომ ბავშვმა ხოხვა გამოტოვა და პირდაპირ დაიწყო დგომა,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი

„არანაირი პრობლემა არ არის, რომ ბავშვმა ხოხვა გამოტოვა და პირდაპირ დაიწყო დგომა,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ტატიშვილმა ბავშვის განვითარებისთვის ხოხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხოხვის გამოტოვება ბავშვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს:

„არანაირი პრობლემა არ არის, როდესაც ხოხვა გამოტოვა და პირდაპირ ​დაიწყო დგომა ბავშვმა. მერე სიარულიც რომ დაიწყოს 10 თვის ასაკისთვის, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. არც დეფორმაცია იქნება, თუ უკვე ბავშვი მზად არის იმისთვის, რომ დაიწყოს დამოუკიდებლად სიარული.“

სოფო ტატიშვილის თქმით, არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულ ასაკში მხოლოდ ასაკობრივად მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე ვიზრუნოთ:

„ისევ მიდგომებს რომ დავუბრუნდეთ და ინტერვენციას, აქაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადრე იყო მიდგომა, რომ აუცილებლად ნეიროგანვითარების ტექნიკები უნდა გამოგვეყენებინა. იერარქიულად რომელი უნარიც უწევდა, იმ უნარებზე უნდა გემუშავა აუცილებლად. კონკრეტული ასაკისთვის მხოლოდ თავის ჭერაზე უნდა გემუშავა, ​ექვსი თვის ასაკისთვის მხოლოდ ჯდომაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არაფერ გაუმჯობესებას არ გვაძლევს არც აქტივობებში და არც ჩართულობაში.“

„შეიძლება ბავშვი თავსაც ვერ იჭერდეს, მაგრამ მუშაობენ ერთდროულად ჯდომაზეც, გადაბრუნებაზეც, დგომაზეც და ა.შ. რა თქმა უნდა, ძალიან ფართო დიაპაზონს არ ვგულისხმობ. ყველა უნარზე მეტ-ნაკლებად მუშაობენ ერთდროულად. შესაბამისად, ის, რომ ბავშვმა ხოხვა გამოტოვა, ეს არანაირი პრობლემა არ არის. ისიც არ არის პრობლემა, რომ ათი თვის ასაკისთვის ბავშვი იწყებს სიარულს,“ – აღნიშნულ საკითხზე ​სოფო ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად