Baby Bag

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

​„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს,“ - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შეიძლება, რომ დაისვენო კურორტზე ორი კვირა და შემდეგ მთელი წლის მანძილზე უფუჭებდე ბავშვს ჯანმრთელობას,“ - ევგენი კომაროვსკი

„არ შეიძლება, რომ დაისვენო კურორტზე ორი კვირა და შემდეგ მთელი წლის მანძილზე უფუჭებდე ბავშვს ჯანმრთელობას,“ - ევგენი კომაროვსკი

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ გადაცემაში „ FM პედიატრი“ მშობლებს ბავშვის ჯანმრთელობაზე სწორად ზრუნვის შესახებ საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქით, მთავარია სუფთა ჰაერი, ფიზიკური დატვირთვა და გაკაჟება:

„ფიზიკური დატვირთვები, გაკაჟება, სუფთა ჰაერი - ეს არის მთავარი, მაგრამ ჩვენ ვზარმაცობთ. გვინდა დავურეკოთ ექიმ კომაროვსკის ​იმის იმედით, რომ ის გვირჩევს რაღაც ოქროს აბებს და ბავშვი ავად არ გახდება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ასეთი აბები არ არსებობს.“

ევგენი კომაროვსკიმ მშობლებს ურჩია ბავშვს ბუნებრივი და ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მისცენ:

„ყველაზე მთავარია იცხოვრო ბუნებრივად და ნორმალურად. თუ ბავშვს უნდა ფეხშიშველა სიარული, არ ჩააცვათ მას ფეხსაცმელი, თუ მას არ უნდა ჭამა, ნუ აძალებთ. თუ ბავშვი ამბობს, რომ სცხელა, გახადეთ ზედმეტი ქურთუკი. იაროს ისე, როგორც მისთვის არის მოსახერხებელი. დედებმა შესანიშნავად იციან, რომ თუ ბავშვი არის მშიერი, დაუბანელი, გათოშილი, ის ავად არ ხდება. თუ ის უყვართ, ნაჭამია, არის თბილად, კარგად არის ჩაცმული, არ აკლებენ მასწავლებლებს და წამლებს, მისი ავადმყოფობა არასდროს მთავრდება. ბავშვის მიმართ სიყვარული იმაში კი არ უნდა გამოიხატებოდეს, რომ მას ახალ ტანსაცმელს ვუყიდით,​ არამედ იმაში, რომ წაიყვანთ სასეირნოდ, დახარჯავთ ფულს ველოსიპედზე, როლიკებზე. ჩვენი შვილები ნორმალური იმუნიტეტით იბადებიან და არ საჭიროებენ არანაირ გაკაჟებას. თქვენ ჯერ ზედმეტი ტანსაცმლით და გადაჭარბებული კვებით ბავშვებს აფუჭებთ, შემდეგ კი მათი გაკაჟება გსურთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური დატვირთვა - ამაში უნდა გამოიხატებოდეს თქვენი სიყვარული ბავშვის მიმართ.

ევგენი კომაროვსკის თქმით, ბავშვის კურორტზე წაყვანა მშობლისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს:

„თუ არ გაქვთ კურორტზე გამგზავრების შესაძლებლობა, უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობის საშუალება გამოიყენეთ. მთავარია, რომ კურორტზე წასვლა თვითმიზნად არ იქცეს. არ შეიძლება, რომ დაისვენო კურორტზე ორი კვირა და შემდეგ მთელი წლის მანძილზე აკეთო სისულელეები და უფუჭებდე ბავშვს ჯანმრთელობას. ბავშვით ყოველდღე უნდა იყოთ დაკავებული. ​რა სირთულეა იმაში, რომ გაასეირნოთ ძილის წინ ან დილით, მოაშოროთ კომპიუტერს და ტელევიზორს, აიძულოთ, რომ შეხედოს გარესამყაროს?!“

„ხუთ წლამდე ბიჭუნების 90 % ადვილად განასხვავებს მერსედესს აუდისგან, მაგრამ ვერ განასხვავებს მუხას ნეკერჩხლისგან. ​ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ, აზიაროთ ბუნებას, მზეს, ჰაერს, წყალს. არ არის აუცილებელი, რომ ამას კურორტი ერქვას. ეს უბრალოდ შეიძლება იყოს ბაღი თქვენი სახლის გვერდით,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

წყარო:​ „LIFE FM”

წაიკითხეთ სრულად