Baby Bag

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

​„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს,“ - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

შეიძლება დაინტერესდეთ

დედას, რომელიც ძალიან დაიღალა

დედას, რომელიც ძალიან დაიღალა

დედას, რომელიც ძალიან დაიღალა და სააბაზანოში ჩაკეტილი ჩუმად ტირის, დედას, რომელიც სააბაზანოს გარდა სხვა ადგილს ვერ პოულობს, სადაც დამშვიდებას შეძლებს. ის ტირის, რადგან დაღლილობისგან აღარ იცის, როგორ უნდა გააგრძელოს ეს დღე. რას არ დათმობდა ერთი წუთით სიმშვიდის მოსაპოვებლად. დედას, რომელიც თავის ოთახში გამოკეტილი ტირის, რადგან ბავშვს უმნიშვნელო მიზეზით გაუბრაზდა და უყვირა, ახლა კი თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობს, სასოწარკვეთილია. დედას, რომელიც ნაჩქარევად მოამზადებს პიცას სადილისთვის, რადგან ვერ ახერხებს კერძების საკუთარი სურვილისამებრ მომზადებას. დედას, რომელიც ზოგჯერ თავს საოცრად მარტოსულად გრძნობს, მაშინაც კი, როდესაც სხვებთან ერთად არის და ოჯახის წევრებზე ზრუნავს. დედას, რომელიც გაღვიძებისთანავე ოცნებობს, რომ დღემ სწრაფად ჩაიაროს:

ძვირფასო დედა, გახსოვდეს, რომ რასაც შენ აკეთებ შეუფასებელია. შენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. შვილებს ყველაფერს აძლევ, რაც შეგიძლია.

პატარა თვალები, რომელიც ყოველწამიერად შენ დაგეძებენ, დარწმუნებულები არიან, რომ სრულყოფილება ხარ, უფრო მეტიც, ისინი შენ ღვთაებრივად გთვლიან.

ეს პატარა ხელები შენს შეხებას, მოფერებას, სითბოს და კოცნას ელიან.

ამ პატარა არსებებს ჰგონიათ, რომ შენ სამყაროში ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რასაც მოისურვებს.

შენი პატარა შვილები შენს გაკეთებულ სადილს გემრიელად მიირთმევენ და ფიქრობენ, რომ დედა მათ ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარია.

ბავშვების პატარა გულები შენს გულთან შეხვედრას ელიან. მათ შენ გარდა არავინ სჭირდებათ.

შენ მათთვის საკმარისზე მეტი ხარ. შენ დედა ხარ და შვილებს ზუსტად ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ.

მომზადებულია:​ ipsyholog.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად