Baby Bag

მთავრობის განკარგულებით, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება

მთავრობის განკარგულებით, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება

დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს აღინიშნა, რომ მთავრობამ 2 მარტს გამოსცა განკარგულება საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ.

პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე - რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.

განკარგულების თანახმად, 4-დან 16 მარტამდე პერიოდში ასევე შეწყდება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინტენსიურ რეჟიმში ინფორმირებისთვის.

სწორედ ამ მიზნით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, www.stopcov.ge, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

შეიძლება დაინტერესდეთ

თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ... ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ

თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ... ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ

ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს. გთავაზობთ ​მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ:

1. ჩაგიტარდათ ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
2. იტარებთ ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის ან რადიოთერაპიის ინტენსიურ კურსს.
3. მათ, ვისაც აღენიშნებათ სისხლის ან ძვლის ტვინის კიბო (მაგალითად, ლეიკემია, ლიმფომა ან მიელომა)
4. 6 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ან კვლავ იღებთ იმუნოდეპრესანტულ მედიკამენტს.
5. ფილტვის მძიმე დაავადების დროს (მაგალითად, კისტოზური ფიბროზი, ან სხვა მწვავე დაავადება)
6. იღებთ მედიკამენტებს, რის შედეგადაც ინფექციების ალბათობა გაცილებით მეტია (მაგალითად, სტეროიდების მაღალი დოზები ან იმუნოდეპრესანტული მედიკამენტები)
7. გულის სერიოზული დაავადებების დროს (მძიმე მანკები)
8. დაუნის სინდრომის მქონე მოზრდილები, რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა და უტარდებათ დიალიზი.

​საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები:
1. 70 წლის ან უფროსი ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ ფილტვის დაავადება (როგორებიცაა: ასთმა, COPD, ემფიზემა ან ბრონქიტი).
2. გულის დაავადების მქონე პირები (მაგალითად, გულის უკმარისობა).
3. დიაბეტით დაავადებულები.
4. თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პირები.
5. ღვიძლის დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, ჰეპატიტი).
6. პარკინსონის დაავადების მქონე პირები.
7. გაფანტული სკლეროზის მქონე პირები.
8. ცერებრულიი დამბლის მქონე პირები.
9. ორსულები.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას ან გავლენას ახდენს ორსულობის დროს თქვენი ბავშვის განვითარებაზე.

წაიკითხეთ სრულად