Baby Bag

მთავრობის განკარგულებით, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება

მთავრობის განკარგულებით, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება

დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს აღინიშნა, რომ მთავრობამ 2 მარტს გამოსცა განკარგულება საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ.

პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე - რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.

განკარგულების თანახმად, 4-დან 16 მარტამდე პერიოდში ასევე შეწყდება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინტენსიურ რეჟიმში ინფორმირებისთვის.

სწორედ ამ მიზნით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, www.stopcov.ge, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ გვაქვს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვირუსი შეკავებულია.

„ბოლო ორი კვირის მონაცემებით ვართ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზე. რამ მიგვიყვანა აქამდე ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა ორკვირიან მონაკვეთებში. ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა. ეს არის მთავარი შედეგი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაიკითხეთ სრულად