Baby Bag

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ როგორც სასურსათო მარაგებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ არ იყოს მიწოდებაში შეფერხება, ფასები იყოს ადეკვატური და ხელმისაწვდომი'' - აღნიშულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ფასები გაკონტროლდება 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

,,ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადავაზღვევთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან. მსხვილი მომწოდებლები კომპენსაციას მიიღებენ იმისათვის, რომ მათ ფასი შეინარჩუნონ და არ გაზარდონ 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება. ბიზნესთან შეთანხმება შედგა, შესაბამისად, ჩვენ ავამოქმედებთ მექანიზმს.

მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში გაკონტროლდება ფასი, გვექნება მკაცრი მონიტორინგი იმისათვის, რომ კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულაციური ზრდა.

რაც შეეხება მარაგებს, ქვეყანაში ძირითადი სასურსათო მარაგები გვაქვს. იყო რამდენიმე პროდუქტზე შეფერხება, რაც, ერთი მხრივ, პანიკური შესყიდვებით იყო გამოწვეული და, მეორე მხრივ, კლიმატს უკავშირდებოდა. ამინდი გაუმჯობესდა; გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ტვირთი, რომელიც არის სახმელეთო გზით შემომავალი საქართველოში ლარსიდან შემოვიდეს. გამოსწორდება მდგომარეობა შავ ზღვაზეც და გემებიდან სურსათის გადმოტვირთვა დაიწყება.

და ბოლოს, სურსათის დეფიციტის და ფასის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის რეკომენდაციები თითოეულმა მოქალაქემ გაითვალისწინოს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 19 მარტიდან შეძლებენ - ნახეთ პროდუქტების გაცემის ინსტრუქცია

საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 19 მარტიდან შეძლებენ - ნახეთ პროდუქტების გაცემის ინსტრუქცია

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 19 მარტიდან შეძლებენ. თბილისის მერის ინიციატივის შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ, 12 სახეობის საკვები პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

პროდუქტების გაცემისთვის მომზადების პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N9 და N143 ბაღებში გაეცნო და ადმინისტრაციას იმ პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის დაცვაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია.

„თბილისში მოქმედი 181 ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილია პროდუქტების ნაკრები, რომელიც შევადგინეთ სპეციალისტების რეკომენდაციით. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები და ადგენენ ბაღში ვიზიტის გრაფიკს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლო ფიზიკური კონტაქტი. ამასთან, ბაღის პერსონალი გაატარებს ყველა ჰიგიენურ-სანიტარიულ ღონისძიებას, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ჯანმრთელობის უსაფრთხოება", - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, არამალფუჭებადი პროდუქტები ხუთი დღის განმავლობაში გაიცემა და აღსაზრდელების მშობლებს მისი მიღება ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში, ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ.

საბავშვო ბაგა-ბაღი „ხუთკუნჭულა“ სოციალურ ქსელში პროდუქტების გაცემის ინსტრუქციას აქვეყნებს.

იხილეთ ვიდეო

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად