Baby Bag

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ როგორც სასურსათო მარაგებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ არ იყოს მიწოდებაში შეფერხება, ფასები იყოს ადეკვატური და ხელმისაწვდომი'' - აღნიშულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ფასები გაკონტროლდება 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

,,ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადავაზღვევთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან. მსხვილი მომწოდებლები კომპენსაციას მიიღებენ იმისათვის, რომ მათ ფასი შეინარჩუნონ და არ გაზარდონ 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება. ბიზნესთან შეთანხმება შედგა, შესაბამისად, ჩვენ ავამოქმედებთ მექანიზმს.

მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში გაკონტროლდება ფასი, გვექნება მკაცრი მონიტორინგი იმისათვის, რომ კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულაციური ზრდა.

რაც შეეხება მარაგებს, ქვეყანაში ძირითადი სასურსათო მარაგები გვაქვს. იყო რამდენიმე პროდუქტზე შეფერხება, რაც, ერთი მხრივ, პანიკური შესყიდვებით იყო გამოწვეული და, მეორე მხრივ, კლიმატს უკავშირდებოდა. ამინდი გაუმჯობესდა; გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ტვირთი, რომელიც არის სახმელეთო გზით შემომავალი საქართველოში ლარსიდან შემოვიდეს. გამოსწორდება მდგომარეობა შავ ზღვაზეც და გემებიდან სურსათის გადმოტვირთვა დაიწყება.

და ბოლოს, სურსათის დეფიციტის და ფასის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის რეკომენდაციები თითოეულმა მოქალაქემ გაითვალისწინოს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა! ქვეყანასაც გაუჭირდება!''

,,კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა! ქვეყანასაც გაუჭირდება!''

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. MomsEdu.ge პოსტს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

​,,წელიწადი და ორი თვეა ,,ზაოდ-კრაოტის" რეჟიმში ვარ. 1-2 ჯერ თუ ვიყავი სახლში ამ პერიოდში მეგობართან. ყველა მენატრება და განსაკუთრებით კი ის ჩვეული სითბო და გარემო მენატრება, რომელიც მეგობრებთან ერთად ყოფნისას ჩნდება. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მე განსაკუთრებით მიჭირს მათ გარეშე ყოფნა. სულ უბრალო, წლების განმავლობაში ჩემგან არაფრად მიჩნეული ლუდის მოხვრეპა რა ყოფილა- ოღონდ ლუდის ბარში და არა სახლში მოტანილის! როგორ არ ვაფასებდი! დოჩანაშვლის ის ცნობილი "ხინკლის კანონიც" უფრო ბარ- ბუდრუგანებში მუშაობს, თორემ სახლში გლოვოს მოტანილი რა სათქმელია!

ჰოდა ამ გასულ პარასკევს, ისე მოგვენატრა ჩვენი კლინიკის ექიმებს ეს სულ უბრალო რამ, რომ სამსახურის დამთავრებისთანავე გადავედით ჩვენი კლინიკის სულ ახლო მყოფ ბარში. უკვე შვიდის თხუთმეტი წუთი იყო და ბარში გამოგვიცხადეს: "-შვიდს რომ ათი დააკლდება ვხურავთო". რა ძალა იყო- ჩავიყარეთ ამ ნახევარ საათში საჩქაროდ და უგემურად.. ვერც ლუდი ვხრიპეთ ნაბა- ნება (პირველი ბაკალი ისედაც არ ისმება ნელა) - ჩავისხით ნაუცბადევად... დავიშალეთ ნახევარ საათში ექიმები უკმაყოფილოდ..

... როგორ არ გვინდა ექიმებს ძველებური ცხოვრება!?? გალახულებივით, უსიტყვოდ დავტოვეთ სახინკლე. რატომ გგონიათ სხვაგვარად? რადგანაც მოგიწოდებთ რეგულაციების დაცვისკენ? ამიტომ გგონივართ მტრები? კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ- დეკემბრის გადატანა! ქვეყანასაც გაუჭირდება! ამავე დროს, უნდა გითხრათ, გაგაფრთხილოთ, რომ ეს დღეებია იმატებს სასტაციონარე ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია! მეშინია, რომ კიდევ ბევრ მეგობარს, თანაქალაქელს დავკარგავ. დღეს სამი მეგობარი პირადად დავარეგისტრირე აცრაზე (წუთის საქმეა). აცრა, პირბადე და რეგულაციები- მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს! პირბადის მუდმივად ტარებამ ალერგია გამიჩინა სახეზე და საშინლად შემაწუხებელია (ამის გამო წვერსაც იშვიათად ვიპარსავ), მაგრამ როგორც ქართველები იტყვიან: "ომში ის გამოიყენე, რაც ხელთ მოგხვდებაო! (ანდაზის ევროპული ანალოგი უფრო ლაკონურია)",'' - აღნიშნავს დავით გადელია.

 
წაიკითხეთ სრულად