Baby Bag

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ როგორც სასურსათო მარაგებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ არ იყოს მიწოდებაში შეფერხება, ფასები იყოს ადეკვატური და ხელმისაწვდომი'' - აღნიშულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ფასები გაკონტროლდება 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

,,ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადავაზღვევთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან. მსხვილი მომწოდებლები კომპენსაციას მიიღებენ იმისათვის, რომ მათ ფასი შეინარჩუნონ და არ გაზარდონ 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება. ბიზნესთან შეთანხმება შედგა, შესაბამისად, ჩვენ ავამოქმედებთ მექანიზმს.

მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში გაკონტროლდება ფასი, გვექნება მკაცრი მონიტორინგი იმისათვის, რომ კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულაციური ზრდა.

რაც შეეხება მარაგებს, ქვეყანაში ძირითადი სასურსათო მარაგები გვაქვს. იყო რამდენიმე პროდუქტზე შეფერხება, რაც, ერთი მხრივ, პანიკური შესყიდვებით იყო გამოწვეული და, მეორე მხრივ, კლიმატს უკავშირდებოდა. ამინდი გაუმჯობესდა; გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ტვირთი, რომელიც არის სახმელეთო გზით შემომავალი საქართველოში ლარსიდან შემოვიდეს. გამოსწორდება მდგომარეობა შავ ზღვაზეც და გემებიდან სურსათის გადმოტვირთვა დაიწყება.

და ბოლოს, სურსათის დეფიციტის და ფასის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის რეკომენდაციები თითოეულმა მოქალაქემ გაითვალისწინოს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.

ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.

მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.

დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.

მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თქვენ ხართ გმირები!

მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!

კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!

დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”


წაიკითხეთ სრულად