Baby Bag

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ როგორც სასურსათო მარაგებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ არ იყოს მიწოდებაში შეფერხება, ფასები იყოს ადეკვატური და ხელმისაწვდომი'' - აღნიშულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ფასები გაკონტროლდება 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

,,ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადავაზღვევთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან. მსხვილი მომწოდებლები კომპენსაციას მიიღებენ იმისათვის, რომ მათ ფასი შეინარჩუნონ და არ გაზარდონ 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება. ბიზნესთან შეთანხმება შედგა, შესაბამისად, ჩვენ ავამოქმედებთ მექანიზმს.

მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში გაკონტროლდება ფასი, გვექნება მკაცრი მონიტორინგი იმისათვის, რომ კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულაციური ზრდა.

რაც შეეხება მარაგებს, ქვეყანაში ძირითადი სასურსათო მარაგები გვაქვს. იყო რამდენიმე პროდუქტზე შეფერხება, რაც, ერთი მხრივ, პანიკური შესყიდვებით იყო გამოწვეული და, მეორე მხრივ, კლიმატს უკავშირდებოდა. ამინდი გაუმჯობესდა; გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ტვირთი, რომელიც არის სახმელეთო გზით შემომავალი საქართველოში ლარსიდან შემოვიდეს. გამოსწორდება მდგომარეობა შავ ზღვაზეც და გემებიდან სურსათის გადმოტვირთვა დაიწყება.

და ბოლოს, სურსათის დეფიციტის და ფასის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის რეკომენდაციები თითოეულმა მოქალაქემ გაითვალისწინოს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს მიერ იტესტებიან, თუ არ აიცრებიან, მათთვის სავალდებულო ტესტირება ფასიანი გახდება

ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს მიერ იტესტებიან, თუ არ აიცრებიან, მათთვის სავალდებულო ტესტირება ფასიანი გახდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბრიდან განიხილება საკითხი სხვადასხვა საჯარო და დიდ დაწესებულებებში ან ვაქცინირებული, ან წინასწარ ტესტირებული ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილი მოქალაქეების შეშვების.

„ექიმები ყოველთვის უფრო რადიკალურად გამოვდივართ, ეს არ არის ჩვენ მიერ გამოგონილი ველოსიპედი. ჩვენ ვეცნობით საერთაშორისო გამოცდილებას და ამის მიხედვით ვმოქმედებთ და ვიძლევით რეკომენდაციას. ეს რეკომენდაციაც მიღებული რეკომენდაციაა მთელ მსოფლიოში - სხვადასხვა საჯარო, კერძო დიდ დაწესებულებაში შედიხარ მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ აცრილის სტატუსით ან 24-საათიანი ანტიგენით ან 72-საათიანი PCR-ით ან თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი გაქვს კოვიდი (ამ ხნის განმავლობაში ხარ იმუნური). ამიტომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ წინა საბჭოზე, დღესაც გვქონდა განხილვა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტემბრისთვის, ხალხი უნდა მოემზადოს. ჩვენ რომ დავადგინოთ, რომ ხვალიდან შევიდეს ეს ძალაში, არ ვიქნებით მთლად მართლები. ამიტომ დღეს ჩვენ ისევ ვაცხადებთ - ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს მიერ იტესტებიან, არ აიცრებიან, მათთვის ტესტირება ფასიანი გახდება:

„გარდა ამისა, მეორე საკითხია ტესტირება. მოგეხსენებათ, იგი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მეთოდი პანდემიის მართვის და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებაში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ ყოველდღიურად ვაკეთებთ 38 ათას ტესტს (პსრ და ანტიგენ ტესტებს). ამიტომ ვფიქრობთ, რომ 15 სექტემბრიდან ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით. მათ ვალდებულება ექნებათ, ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ თუ 2-ჯერ ვაქცინირებულები იქნებიან, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს მათ. თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადონ. სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასოდ მიაწოდოს მათ ვაქცინა და კეთილი ინებონ და და აიცრან, თუ არა და ვალდებულებაა, რომ გარკვეულ პერიოდში (ზოგი ორ კვირაში ერთხელ, ზოგი კვირაში ერთხელ) ტესტრებული იქნენ. დადგება საკითხი, რომ ტესტირება ჩატარდეს დამსაქმებლის ხარჯზე ან თვითონ იმ პირის ხარჯზე,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, ვინ არიან ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფო უკეთებს ტესტებს, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა:

„ესენციური ჯგუფები არიან ისინი, ძირითადად ვისაც ვტესტავთ ჩვენ, იგივე ჩემი კოლეგები, მაგრამ ჩემს კოლეგებზე გამონაკლისი იქნება, ისინი წინა ხაზია. ესენი არიან სხვადასხვა ესენციური ჯგუფები, როგორიც არიან სხვადასხვა მოლების, მაღაზიების, იგივე მასწავლებლების გარკვეული ჯგუფები, იგივე პოლიციის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან. დიდია ეს ჩამონათვალი, 975 ასეთი დადგენილებაა მთავრობის, სადაც შეგიძლიათ, ნახოთ, ვინ არიან ისინი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას, თუ არ აიცრებიან, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოუწევთ, რომ ან თავად ან დამსაქმებელმა გადაიხადოს ტესტირების თანხა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად