Baby Bag

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დასაშვებია გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება, მათგან 2 უკანა სავარძელზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სისხლის გამათხელებლების თვითნებურად მიღებით კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ," - ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია

ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია კოვიდ-19-თან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანები ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას მეტისმეტად ენდობიან, რის გამოც შეცდომაში შედიან:

„სამწუხაროდ ქაოსია, სამეცნიერო ინფორმაცია ძალიან მარტივად ვრცელდება, შესაბამისად მოსახლეობა შედის შეცდომაში. ჩვენ გვახსოვს იბუპროფენთან დაკავშირებული მითები, რომელიც არ დადასტურდა. იყო მითი ბეცეჟე-ს ვაქცინასთან დაკავშირებით. ამბობდნენ, რომ ის გვიცავდა ​კორონავირუსისგან, რაც ასევე არ დადასტურდა, რადგან გავრცელება ჩვენთანაც მაღალია. იგივე ხდება დღეს D და C ვიტამინზე. რომ დავიწყოთ D ვიტამინით, ზოგი ადასტურებს, მაგრამ ზოგი არ ადასტურებს, რომ მას რესპირატორულ დაავადებებთან მიმართებაში დამცველობითი ფუნქცია ახასიათებს.არ არსებობს რაიმე სარწმუნო წყარო, რომლის მიხედვითაც დამატებით C და D ვიტამინის მიღება დაგვიცავს კოვიდისგან ან კოვიდის გართულებებისგან. თუ ამ ვიტამინების დეფიციტი გვაქვს, რა თქმა უნდა, მათი მიღება უნდა გავაგრძელოთ.“

არჩილ მარშანიაც თქმით, D ვიტამინის დეფიციტის პრობლემა თუ არ გვაქვს, მისი მიღება აბების სახით საჭირო არ არის:

„D ვიტამინი, რა თქმა უნდა, საჭიროა ორგანიზმისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყოველდღიურად აბების სახით მივიღოთ გადაჭარბებული დოზებით. ​კვირაში სამი დღე მზეზე ყოფნითაც მივიღებთ საჭირო დოზას. მზისგან დამცავი კრემებიც კი არ აფერხებს მის მიღებას. არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ დეფიციტის პრობლემის არარსებობის დროს მივიღოთ ის აბების სახით.“

არჩილ მარშანია ადამიანებს მოუწოდებს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ თვითნებურად სისხლის გამათხელებელი აბები და საშუალებები:

„კორონავირუსის ერთ-ერთი ვერაგი გართულება არის თრომბოემბოლია. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მდგომარეობა გართულებულია, ან როდესაც პაციენტი არის თრომბოემბოლიის რისკის ქვეშ. სხვა შემთხვევაში ჩვენ რუტინულად რაიმე სისხლის გამათხელებლების მიღება არ გვჭირდება. ​მით უმეტეს, თვითნებურად მიღებით კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. შესაძლოა, გაიზარდოს ინსულტების ან სისხლდენების რისკი. ლიმონიან წყალს რაც შეეხება, აქ მნიშვნელოვანია თვითონ წყალი და არა ლიმონი შიგნით. ლიმონი კარგია, არომატულია. ზოგ ადამიანს არ მოსწონს წყალი და გემოსთვის ერთი ნაჭერი ლიმონი რომ ჩავაგდოთ, კარგია. ისიც არ შეიძლება, რომ ლიმონი გავწუროთ და დავლიოთ. ამან შეიძლება გააღიზიანოს კუჭ-ნაწლავი.“

„ასპირინის ბუმი არის ახლა რატომღაც. გართულებულ შემთხვევებშიც კი ასპირინი არ არის პანაცეა. ნუ მიიღებთ ასპირინს თვითნებურად. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,“ - აცხადებს არჩილ მარშანია.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად