Baby Bag

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი მუშაობის დროს - ფოტოები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი მუშაობის დროს - ფოტოები

იხილეთ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის მუშაობის ამსახველი ფოტოები, რომლებიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შეაგროვა.

„7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უძღვნის ვირტუალურ გამოფენას სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე".

გამოფენა ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში. ვირტუალური ექსპოზიცია ასევე მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს. გამოფენას თან ერთვის საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წესრიგი COVID-19-მა თავად განსაზღვრა.

2020 წლის 7 აპრილის თემა ეძღვნება ექთნების და ბებიაქალთა ღვაწლს ზოგადად მედიცინაში და კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერების ყურადღებას ამახვილებს უმცროსი სამედიცინო პერსონალის გადამწყვეტ როლზე მსოფლიო ჯანდაცვაში. წლევანდელი კამპანიის დევიზია „მხარდაჭერა ექთნებსა და ბებიაქალებს".

ვირტუალური გამოფენა „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე" სწორედ ამ კამპანიას ეხმაურება და მისი მიზანია პანდემიად ქცეული ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერების გამოხატვა.

გლობალურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულია 60 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 70% სერვისების უშუალოდ განმახორციელებელი სამედიცინო პერსონალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნებში უნივერსალური ჯანდაცვის მისაღწევად 2030 წლისთვის დამატებით 18 მილიონი სამედიცინო პერსონალი იქნება საჭირო.

გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მესამე მიზანი ეხმიანება რესურსების ზრდას როგორც ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების, ასევე სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და შენარჩუნების საკითხებს.

უკანასკნელი დეკადების განმავლობაში, საქართველოში ექიმების რაოდენობა ჭარბობს ექთნების რაოდენობას და ექთნების რაოდენობის ექიმების რაოდენობასთან შეფარდება ბოლო 5 წლის განმავლობაში არ აღემატება 0.8-ს. საქართველოში 31000-მდე ექიმი, 18000-ზე მეტი ექთანი და 500-მდე ბებიაქალია.

COVIID-19-მა არა მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, არამედ მთელი პლანეტის დღის წესრიგი შეცვალა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მომავალში ეს ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება, თუმცა მანამდე მსოფლიო ვირუსის დასამარცხებლად იბრძვის. ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი სამედიცინო პერსონალია. დღეს სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავგანწირვაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის ბედი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. წინა ხაზზე მებრძოლთა შორის არიან ქართველი ექიმებიც, რომელთა წარმატებაზე ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, სტატისტიკა და მსოფლიო ექსპერტების შეფასებები მეტყველებს.

გამოფენა "სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე" ბევრი, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი და ასევე, უცნობი მედპერსონალის სახეებს გაგვაცნობს“, - აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.








არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად