დღეს მართლმადიდებელი სამყარო ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება.
წმინდა სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. მაცხოვარი ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი ზეიმით შეეგება. მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“
ეს ტროპარ-კონდაკი უნდა წავიკითხოთ ბზობის დღესასწაულზე:
ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
ტროპარი: დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
კონდაკი: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.