ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
„ლაზარეს შაბათს ვეზიარე... როდესაც გავიგე რომ კორონავირუსი აღმომაჩნდა, გაუჩერებლივ ვტიროდი, რომ სხვას არ გადასდებოდა, თუმცა არცერთ ადამიანს არაფერი სჭირს“
კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„მადლობა ღმერთს, სრულად გამოვჯანმრთელდი!
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მკითხულობდა, ჩემზე დარდობდა! ჩემთვის უცხო ადამიანები მწერდნენ და მამხნევებდნენ. ეს იმხელა ნუგეში იყო იმ რთულ დღეებში! მე ჩემს თავზე არ ვდარდობდი, ცრემლი არ შემშრობია, რაც გავიგე, რომ კორონა აღმომაჩდა. ვტიროდი გაუჩერებლივ იმის დარდით, რომ სხვას არ გადასდებოდა და სხვისი ჯანმრთელობა არ დამეზიანებინა! იყვნენ ადამინები და სამწუხაროდ, ვკითხულობდი მათ კომენტარებს, როგორ მაკრიტიკებდნენ, შელამაზებულად მლანძღავდნენ, გულს უფრო მიკლავდნენ, მე კი მათ ვეტყვი - სიბრალური და მეტი სიყვარული ჰქონდეთ ადამინებისადმი. დღეს 21-ე დღეა, რაც ტაძარში ვიყავი და ვეზიარე. ლაზარეს შაბათს ვიყავი მარტყოფის მონასტერში, მამა ბენიამინს ჩავაბარე აღსარება, ვეზიარე და ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ, ვინც იმ დღეს ეზიარნენ! უამრავი ადამიანი იყო. რაც არ უნდა დისტანცია დამეცვა, ერთი კოვზით ხომ ვეზიარეთ უფლის სისხლს და ხორცს, ხატებს ვემთხვიე! მეორე დღეს ბზობა იყო. წირვაზე წავედი, დავიცავი ყველა რეკომენდაცია (დისტანცია, პირბადე, ხელთათმანი). წირვაზევე შეუძლოდ ვიგრძენი თავი და სახლში რომ დავბრუნდი, სიცხე მქონდა.... კიდევ ერთხელ გავუსვამ ამას ხაზს - კორონა, როგორც ყველამ ვიცით, 5 დან 14 დღემდე მჟღავდება და არა იმდღესვე, ამიტომ ტაძარში რომ მივედი, მე უკვე მქონდა, სამწუხაროდ, კორონა.... მონასტერში გამოცხადდა კარანტინი, ყველა ის ადამიანი თვითიზოლაციაში წავიდა, ვინც იმ დღეს იყო მონასტერში და ეზიარა! მადლობა ღმერთს, გავიდა 14, 21 დღეც და არცერთ ადამიანს არაფერი სჭირს! ამიტომ უფალს ნუ ადანაშაულებთ ინფექციის გავრცელებაში! იმ კოვზით ხომ მის სისხლს და ხორცს ვიღებთ და როგორ გგონიათ ამით დაგვაზიანებს ქრისტე?!“ - წერს ქეთი თოდუა.